მნიშვნელოვანისიახლეები

,,პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას და ვამაყობ შედეგებით,,-ღარიბაშვილი გადადგა

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების გუნდთან ერთად მიიღო.
ღარიბაშვილმა ბრიფინგზე თანამდებობის დატოვების ერთ-ერთ “მიზეზად” როტაციის პრინციპი დაასახელა და თქვა, რომ “გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა”.
„მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომლებსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პიერიოდში ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდეობაზე მუშაობა. ჯამში, ყველაზე მეტხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა, მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს.

არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობაც, რომ თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს.

ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობასა და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშომლებს, ყველა საჯარო მოხელეს.

თანამდგომისთვის განსაკუთრებული მადლობა, მინდა, გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა მეტი დრო დავუთმო ოჯახს.

მშვიდობას, კეთილდღეობასა და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა და დაამატა, რომ ყრილობა პარტიაში, რომელზეც მას პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ, 1 თებერვალს გაიმართება.

“ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” – ასე დაამთავრა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება, რომელიც სულ 3 წუთს გაგრძელდა. ამ განცხადებაში ღარიბაშვილმა ტრადიციულად მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. მან ასევე მადლობა გადაუხადა ოჯახს: მეუღლეს, შვილებს და მშობლებს და გამოთქვა იმედი, რომ ახლა უფრო მეტ დროს დაუთმობს ოჯახს.
მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 28 იანვარს, გაავრცელა “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ასევე არის “ქართული ოცნების” წევრი, პრემიერის შეცვლის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას თქვა, რომ “ასეთი სპეკულაცია ბევრჯერ ყოფილა” და “სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, თანამდებობას დატოვებენ კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორჯერ იყო. პირველად, 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილი შეცვალა და 2015 წლის 23 დეკემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას. მეორე ვადით იგი პრემიერ-მინისტრი გახდა 2021 წლის 22 თებერვალს, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ.

საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის მიხედვით, გადადგომის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე, მთავრობის მეთაურის მოვალეობას ასრულებს ვიცე-პრემიერი, მინისტრები კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობენ.

პარლამენტი პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან 2 კვირის ვადაში ნდობას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს წარედგინება სამთავრობო პროგრამა. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერა.

თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 2 დღის ვადაში − მინისტრებს.

თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, თუმცა 2015 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტის მეორედ დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ კი 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა, რა დროსაც მან ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.

არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ამჯერად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button