მნიშვნელოვანისიახლეები

პირველი არხიდან გაათავისუფლეს „რეალური სივრცის“ 5 თანამშრომელი

პირველი არხიდან გადაცემა “რეალური სივრცის” 5 თანამშრომელი, პროდიუსერი, რედაქტორი და ჟურნალისტები გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის ყოფილი ჟურნალისტი, ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ადასტურებს. ისინი არ დაეთანხმნენ მენეჯმენტის შეთავაზებას, გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა პლატფორმაზე და ეკეთებინათ იმისგან განსხვავებული საქმე, რასაც ბოლო წლებში „რეალურ სივრცეში“ აკეთებდნენ.

მისი თქმით, პროდიუსერმა ქეთი კაპანაძემ, რედაქტორმა ტუხა კვინიკაძემ, თანაწამყვანმა სოსო კაციტაძემ, ჟურნალისტებმა თამარ მშვენიერაძემ და ომარ წოწორიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეთავაზებაზე, გადანაწილებულიყვნენ სხვადასხვა სახლის პლატფორმაზე, უარი თქვეს, რაც 13 მაისს მათი გათავისუფლების მიზეზი გახდა.

ივანოვ-ჩიქოვანი ასევე არ გამორიცხავს, რომ მენეჯმენტმა მათ გაუარესებული პირობები მიზანმიმართულად შესთავაზა, რადგანაც იცოდნენ, რომ “რეალური სივრცის” თანამშრომლები ამას არ დათანხმდებოდნენ.

“ორს ვერ უწყვეტენ კონტრაქტს, რადგანაც ისინი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებიან. დანარჩენ ხუთს კი შესთავაზეს გაუარესებული პირობები, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. თავად ეს “რეალური სივრცე”, როგორ ჩანს, არხისთვის აღარ არის პრიორიტეტული. აღარ შესთავაზეს მათ იმის თანაზომადი რაღაც, რასაც აქამდე აკეთებდნენ.

როგორც ვიცი, წაუყენეს ერთგვარი ულტიმატუმი, ან დათანხმებოდნენ, ან 8 მაისს, კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ წასვლა მოუწევდათ. ცხადია, ისინი არ დათანხმდნენ.

შეიძლება მიზანმიმართულიც იყო ისეთი პირობების შეთავაზება, რომლებზეც მენეჯმენტში იცოდნენ რომ ისინი უარს განაცხადებდნენ”, – განუცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა ფორმულას.

პირველი არხის ვებგვერდზე „რეალური სივრცე“ უკვე არქივში გადატანილი გადაცემის ჩამონათვალშია. აღწერიდან ამოღებულია ყველა იმ თანამშრომლის ვინაობა, რომლებიც გადაცემაზე მუშაობდნენ. დატოვეს მხოლოდ გურანდა გოგინაშვილი და მერი შიხაშვილი, რომლებიც დეკრეტულ შვებულებაში არიან და მათთვის კონტრაქტები არ შეუწყვეტიათ.

„წარმოუდგენელი შეთავაზებები გაუკეთეს, ტოლფასი რამ ხომ მაინც უნდა შეეთავაზებინათ?!. მიუღებელი იყო ის პირობები, რასაც „რეალური სივრცის“ თანამშრომლებს სთავაზობდნენ“, – უთხრა ნინო ზაუტაშვილმა მედიას. ის ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ გადაცემის წამყვანი იყო, თუმცა მასთანაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თანამშრომლობა გაწყვიტა, ამ მიზეზით კი გადაცემაც დახურა.

მაუწყებლის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის გადაწყვეტილებით, 11 აპრილს ნინო ზაუტაშვილთან ერთად კონტრაქტი შეუწყდა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. მაუწყებელი აცხადებს, რომ „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი“.

ყველა ეს თანამშრომელი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს, აკრიტიკებდა პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკას – მათი თქმით, არხი სრულფასოვნად არ ასახავს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მიკერძოებაზე საუბარი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც საქართველოში პროევროპული აქციები დაიწყო ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. არხი ზოგ შემთხვევაში არ აშუქებდა ტელევიზიასთან მიმდინარე პროტესტსაც კი.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს

შეგახსებთ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან 11 აპრილს გაათავისუფლა, კიდევ 4 თანამშრომლის: რეალური სივრცის კორესპონდენტისა და წამყვანის, თამარ მშვენიერაძისა და იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ კი სხვა სახის დისციპლინური სანქცია გამოიყენა.

თინათინ ბერძენიშვილმა მათ “მაუწყებლობის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებითა და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების” გამო საყვედური გამოუცხადა და თანამშრომლები 12 თვის განმავლობაში “ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში” შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა.

ტელევიზიის შეფასებით, “მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული”.

მსგავსი პოსტები

Back to top button