“ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა საფრთხეები შემცირებულია”

“ჩნდება ცალკეული კერები, თუმცა წუხანდელთან შედარებით, საფრთხეები შემცირებულია”, – ამის შესახებ გარემოსა დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეინიშნება პოზიტიური დინამიკა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მისივე თქმით, ცეცხლის გაძლიერებისთვის არ არის აუცილებელი გრიგალი ამოვარდეს და მცირე ზომის ნიავსაც კი შეუძლია დარჩენილი ცეცხლის კერა გააღვივოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. კარლო ნატალემ პრემიერ-მინისტრს, ევროკავშირის სახელით, ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დააფიქსირა და სხვადასხვა სახის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოთქვა.
“ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რასაც საქართველო ახორციელებს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში,”- აღნიშნა კარლო ნატალემ.
ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია, ევროკავშირის კრიზისების მართვის ცენტრს, საქართველოს მთავრობამ ხანძრის პირველივე წუთებიდან მიაწოდა. ევროკავშირმა პროგრამა “კოპერნიკუსი” აამოქმედა. აღნიშნული პროგრამა, ევროპაში, მასშტაბური ხანძრების შემთხევაში ხორციელდება და სტიქიის ზონების სატელიტურ დაკვირვებას უზრუნველყოფს.