მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სისხლის აღება თუ შერიგება- პანკისის ხეობაში ერთმანეთს კიდევ ორი გვარი უპირისპირდება

პანკისში 17 იანვარს მომხდარ მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ. სიმონ მარგოშვილი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა და მისი ადგილსამყოფელი, ამ წუთამდე, ყველასთვის უცნობია.

მკვლელობის სავარაუდო ჩამდენს, სამართალდამცავები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. ძებნის ოპერაციისას, პოლიციელებმა რამდენიმე ადგილობრივის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს.
მომხდარ ფაქტზე, მარგოშვილის ოჯახს კომენტარის გაკეთება არ სურს. მისი ახლობლები მედიასთან კონტაქტზე უარს ამბობენ.

მკვლელობის მოტივზე ინფორმაციას არ ფლობენ ადგილობრივებიც. დუისელები მომხდარზე განცხადებების გაკეთებას ერიდებიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი, კერძო საუბარში ამბობს, რომ გარდაცვლილსა და სავარაუდო ბრალდებულს შორის, ყოფით ნიადაგზე, წარსულში უთანხმოება არსებობდა.

კერძო საუბრებში, ადგილობრივები სიმონ მარგოშვილის მხრიდან, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებასაც არ გამორიცხავენ.

მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირს მოკლული იბრაგიმ ქავთარაშვილის დედასაც.

“წარმოდგენა არ მაქვს, რატომ უნდა მოეკლა. თითქოს ედავებოდა, მამაჩემის სამძიმარზე რატომ არ მოხვედიო, მაგრამ ეს ხომ მკვლელობის მიზეზი არ არის. იკითხეთ ჩემი შვილი როგორი იყო, ყველას ეფერებოდა. ის არავის აწყენინებდა”-თქვა ესმა გაურგაშვილმა.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ცივი იარღის გამოყენებით მოკლული იბრაგიმ ქავთარაშვილი, პანკისის ხეობაში, 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი გვარების გახმაურებული დაპირისპირების მონაწილე, ქავთარაშვილების ახლო ნათესავია.

ინფორმაცია ამის თაობაზე, გვარის ერთ- ერთმა წარმომადგენელმა, მერაბ ქავთარაშვილმა დაადასტურა. მან, ქისტური ადათით მოსალოდნელ სისხლის აღებასა და გვარების შერიგებაზე, რადიო ჰერეთთან პირველი კომენტარი გააკეთა.

“იბრაგიმი ნამდვილად ახლო ნათესავია ჩვენი. ბუნებრივია, ძალიან ვართ შეწუხებულები, გარკვეული დაძაბულობაც შეინიშნება, მაგრამ ჯერ გვარი უნდა დაჯდეს და იმსჯელოს ამის თაობაზე. ეს მსჯელობა დაკრძალვის შემდეგ შედგება.ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვინც მკვლელია, კანონმა დასაჯოს, თუ ერთმა დანაშაული ჩაიდინა, სხვა არაფერ შუაშია. მე მთელი ცხოვრება სისხლის აღების წინააღმდეგი ვარ”- განაცხადა ქავთარაშვილმა.

პანკისიას ხეობის ერთ- ერთი უხუცესი, ჯარაფ ხანგოშვილი განმარტავს, რომ მომხდარმა ფაქტმა მარგოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის ქისტური ადათის თანახმად, სისხლის აღების საშიშროება გააჩინა.

” ჩვენთან ნათესაური კავშირები ქისტურ თემში, ძალიან ძლიერია. ჩვენი ადათით, მარგოშვილებს ქავთარაშვილების სისხლი მართებთ. მკვლელობა მძიმე დანაშაულია და სისხლის აღების საფრთხე ყოველთვის არსებობს. ჩვენი წესით, მამის სანათესაოს მხრიდან, შურისძიების უფლება აქვს ყველას. თუმცა შერიგების პროცესი ასე სწრაფად ვერ დაიწყება, ჯერ ემოციები უნდა ჩაცხრეს. ძნელია, გამწარებულ ოჯახს, შესარიგებლად ვინმე მიადგეს, თუმცა შერიგება უნდა მოხდეს და ამისთვის ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ”- განაცხადა ხანგოშვილმა.

მკვლელობა სოფელ დუისში, 17 იანვარს, ძველი მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
წინასწარი ვარაუდით, დუისში მცხოვრებ იბრაგიმ ქავთარაშვილსა და სიმონ მარგოშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რის შემდეგაც, მარგოშვილმა ცივი იარაღის გამოყენებით, ქავთარაშვილს 16 ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა. 40 წლის იბრაგიმ ქავთარაშვილს, დღეს დაკრძალავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button