მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

წარუმატებელი ამბოხების შემდეგ პრიგოჟინი მოსკოვში პუტინს შეხვდა

რუსეთის დაქირავებულ მებრძოლთა კერძო დაჯგუფების, „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი წარუმატებელი ამბოხების შემდეგ, 1 ივლისს რუსეთიდან გამგზავრების წინ მოსკოვში ჩავიდა და შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს.

ამის შესახებ ცნობას ავრცელებს ფრანგული გაზეთი Libération-ი, დასავლეთის დაზვერვის ინკოგნიტო წყაროებზე დაყრდნობით.

გაზეთის თანახმად, პრიგოჟინი 1 ივლისს „ვაგნერის“ სხვა მეთაურებთან ერთად გამოიძახეს კრემლში, სადაც ის პუტინის გარდა, შეხვდა “როსგვარდიის” მეთაურს, ვიქტორ ზოლოტოვს და საგარეო დაზვერვის სამსახურის მეთაურს, სერგეი ნარიშკინს.

ამ შესაძლო შეხვედრების შესახებ დეტალები გაზეთს არ მოჰყავს. „ვაგნერის“ ამბოხების შემდეგ, როცა მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს და მერე მილიონიან ქალაქს ალყა შემოარტყეს, გამოცხადდა, რომ დაქირავებულთა დაჯგუფების მეთაური ბელარუსში იცხოვრებდა. მოგვიანებით მედია იტყობინებოდა, რომ ბიზნესმენი ნახეს სანქტ-პეტერბურგში.
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ადასტურებს Libération-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ პრიგოჟინი და პუტინი მართლაც შეხვდნენ. თუმცა, მისი ცნობით, შეხვედრა არა 1 ივლისს, არამედ 29 ივნისს, ამბოხებიდან ხუთ დღეში შედგა და დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.

პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა შეაფასა “ვაგნერის” მოქმედებები და 24 ივნისს განვითარებული მოვლენები.

„პრეზიდენტმა ასეთი შეხვედრა მართლაც გამართა. მან მოიწვია 35 ადამიანი, მათ შორის ყველა ქვედანაყოფის მეთაური და კამპანიის ხელმძღვანელობა. შეხვედრას თავად პრიგოჟინიც ესწრებოდა“ – თქვა პესკოვმა. მას შეხვედრის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
კრემლის ინფორმაციით, „ვაგნერის“ წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი სახელმწიფოს მეთაურისა და უმაღლესი მთავარსარდლის მტკიცე მხარდამჭერები და ჯარისკაცები არიან.
ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდებოდა, ხოლო 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 6 ივლისს განაცხადა, რომ პრიგოჟინი მის ქვეყანაში არ იმყოფება. მოსკოვს ამის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მეორე დღეს გამოაცხადა, რომ კრემლი არ ადევნებს თვალყურს პრიგოჟინის გადაადგილებას. ამბოხების გამო ბიზნესმენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ მასზე ძებნა არ გამოცხადებულა და არც დაუსწრებლად დაუკავებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button