საქართველოსიახლეები

პოლიტიკური დებატების შემყურე ქართველი ემიგრანტები

ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, ამ პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებელი ავიარეისების დაფინანსების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა მათ მოუწოდა, ვინაიდან რეისის ორგანიზებას ვერ ახერხებენ, ამისთვის განკუთვნილი თანხა კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ სპეციალურ ფონდში გადარიცხონ.

„რამდენიმე კვირაა, ჭორაობენ, სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ. ჩვეულებრივი ავიარეისის გაკეთება ევროპის ერთი ქალაქიდან თბილისში, უმარტივესი პროცედურაა და ეს ხალხი, პოლიტიკური ჭორაობის გარდა არაფერს აკეთებს. გამოდის, რომ რეისის ორგანიზების თავიც არ აქვთ და თუ თავი არ აქვთ, რეისისთვის რა ფულის დახარჯვასაც აპირებდნენ, გადარიცხონ ფონდში და ჩვენ სისტემურად მივხედავთ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს საზღვარგარეთ იმყოფება“, – აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, “ნაციონალური მოძრაობა” ავიარეისების დაფინანსების დაპირებას იძლევა. საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით კი, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გააკეთა.

“ორშაბათიდან დაწყებული, არის საშუალება, განხორციელდეს რამდენიმე უფასო რეისი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ჩამოვიყვანოთ. ეს რეისები იქნება უფასო. ამ უფასო რეისებისთვის ავიაკომპანიებიც არის უკვე და შესაბამისი სახსრებიც მოძიებულია, მაგრამ ახლა უნდა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ავიაკომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტები ოფიციალური ნოტის თანხლებით საჭიროა სასწრაფოდ გადაეგზავნოს იმ სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, საიდანაც ფრენები განხორციელდება.

იმისთვის, რომ ამ რეისებზე უპირველეს ყოვლისა, ბავშვიანი ოჯახები მოხვდნენ, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ევროპაში სამკურნალოდ იყვნენ ჩასული და განუკურნებელი სენი სჭირთ. ადამიანები, რომლებიც ყველაზე გაუსაძლის პირობებში არიან და წყლის ფული არ აქვთ, ყოველგვარი სახსრებისა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე არიან დარჩენილი, ეს ხელეწიფება მხოლოდ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოს. თუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავუჯერებთ, გვარწმუნებს, რომ ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია კეთდებოდა. შესანიშნავია, უფრო ნაკლები დრო დაიკარგება. ამიტომ, საჭიროა გადაუდებელი კონსულტაციების ჩატარება. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ ხელისუფლებას, ისევე როგორც მზად ვიყავით 9 დღის წინ. მზად ვართ დავსხდეთ, გავიაროთ ეს საკითხი, გადავაბაროთ მათ ეს მომზადებული რეისები და შემდეგ განვახორციელოთ ფრენები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ განსაცდელის ჟამს სამშობლოში დავაბრუნოთ“. – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button