მნიშვნელოვანისიახლეები

პოლიტიკური მოძრაობა – „თავისუფლების მოედანი“ დაფუძნდა

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ხელმძღვანელმა ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” დააფუძნა.
ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია რიყის პარკში გაიმართება, სადაც საზოგადოებას პლატფორმის ხედვები, მიზნები და წევრები გააცნეს.

დღევანდელ პრეზენტაციაზე მან გუნდის წევრები წარადგინა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და მისი გუნდის ხედვაზე ისაუბრა.

ცუცქირიძის თქმით, პოლიტიკური მოძრაობა მხარს უჭერს ზურაბიშვილის ქარტიას და მზად არიან ყველა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომელიც მათ ხედვას გაიზიარებს.

“ხელისუფლების ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩვენი გამარჯვებების თარიღზე, მაგრამ ამან აუცილებლად უნდა მოიტანოს ისეთი ცვლილებები, რომლის შედეგადაც ვერცერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ხალხისთვის მიცემული სიტყვის გატეხას, როგორც ეს ქართულმა ოცნებამ არაერთხელ გააკეთა უკვე. მიგვაჩნია, რომ ამ საქმეში, ყველა ვინც, ჩვენი წინააღმდეგი არ არის, არის ჩვენთან. ამიტომ მზად ვართ, ყველა იმ სამოქალაქო თუ პოლიტიკურ ჯგუფთან თანამშრომლობისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ხედვას, ჩვენს მანიფესტს და ჩვენს სულისკვეთებას.

ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში არა პოლიტიკური სივრცის დანაწევრებისთვის, არამედ მისი გაერთიანებისთვის, დღევანდელი ჩვენი შეკრება მხოლოდ დასაწყისია. დღეს ჩვენ თქვენ წინაშე ვაცხადებთ, რომ ვხსნით კარს თანამოაზრეებისათვის და მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, მივმართავთ ქალებსა და კაცებს, მივმართავთ სოფელსა და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, შემოგვიერთდით ჩვენი მისიის განხორციელებისთვის”- თქვა ლევან ცუცქრიძემ.
როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, პლატფორმაში გაერთიანებული არიან ახალი სახეები და არის ღია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ საჭიროა ერთად ბრძოლა.

როგორც მოძრაობის – „თავისუფლების მოედანი” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, მოძრაობა შედგება არაპარტიული პროფესიონალი ადამიანებისგან, რომლებმაც საკუთარი საქმე სახელმწიფო დონეზე იციან.

“ეს პლატფორმა არის ღია, არის ყველასთვის, ვინც იზიარებს ჩვენი მანიფესტის ფასეულობებს, ვინც თვლის, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც საჭიროა ერთად ბრძოლა – საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული პერსპექტივის გადასარჩენად.

ჩვენ პლატფორმაში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩამოყალიბებული, შემდგარი, პროფესიონალები არიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად საქართველოს მომავლისთვის.

ჩვენი პლატფორმა არავისთვის არ არის დაკეტილი. ჩვენ მოძრაობაში დგანან არაპარტიული პროფესიონალი ადამიანები, რომლებმაც იციან საკუთარი საქმე და შეუძლიათ საქმის კეთება სახელმწიფო დონეზე ”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button