პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა-ღარიბაშვილი ენმ-ზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. ღარიბაშვილის მტკიცებით, „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების პუნქტები პირნათლად შეასრულა.
„პოლიტიკური თაღლითობა მოიფიქრეს და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა – ვის აქვს ილუზია, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ახალია შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები? ეს იგივეა ეშმაკმა გვითხრას, რომ აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს, 2 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისში ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ შეთანხმების დოკუმენტს. პარტიის თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ხელმოწერის გადაწყვეტილება აზრთა სხვადასხვაობის გამო მაინც მიიღეს. მისივე თქმით, არ მისცემენ ქართულ ოცნებას საშუალებას 2 ოქტომბრის შემდეგ “რაიმე სახის ხელმოსაჭიდი ჰქონდეთ”.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმად მიიჩნევს „მიშელის შეთანხმების“ იმ დათქმის საფუძველზე, რომლის თანახმად, თუ „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ, მმართველი პარტიის ლიდერებმა არაერთხელ თქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნები დადგენილ ვადაში, 2024 წელს ჩატარდება.