მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“პოლიტპატიმრების თემით, ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მანიპულირებს”

“ქართული ოცნება” კვლავ უგულვებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას, შეასრულოს 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან ხელმოწერილი შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

რატი იონათამიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის მესიჯი, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და ამ თემით “ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მანიპულირებს”.

“საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ უნდოდათ, კონსენსუსი შემდგარიყო და ეს მათთვის იყო იძულება. მე მათ მოვუწოდებ, არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგან მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.

“ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში არ არსებობენ. ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ამ თემებით მანიპულირებს, რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ შეთანხმების ტექსტში და პროცესში პოლიტპატიმრებზე ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა. ვფიქრობ, ამ მხრივ კითხვის ნიშნები აღარ არსებობს. ვისაც სურს, ეს თემა დიალოგის პროცესში შემოიტანოს, ის აპრიორი განწყობილია, რომ კონსენსუსი არ იყოს მიღწეული”. – თქვა იონათამიშვილმა.

8 მარტს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორნაწილიანია და გულისხმობს, ერთის მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე პროპორციით განაწილებას და ასევე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე უარის თქმას.

 

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში წერია:

 

“ჩვენ, ხელმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში, რათა უზრუნველვყოთ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, ვისწრაფვოდეთ უმაღლესი სტანდარტებისკენ ქართული მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირებაში.

განსხვავებების მიუხედავად, ყველანი ვთანხმდებით, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს”.

 

სტრატეგიული პარტნიორების გზავნილები:

 

11 მაისს, აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც მიუთითეს, რომ შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება. “ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს”. – წერია განცხადებაში. 

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ “საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემის მიღების ჩათვლით”.

რიშმა ეს Twitter-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გვერდზე დაწერა და აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის ერთობლივი განცხადება გააზიარა.
სენატორი რიში პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე 10 მარტსაც საუბრობდა.

ამასთან,  11 მაისს განცხადება გააკეთა ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმაც და თქვა, რომ “გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია, რომ დასრულდეს ეს ამბავი და წინ წავიწიოთ”. დასავლელი პარტნიორები მსგავს განცხადებებს მას შემდეგ ავრცელებენ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება, ვინაიდან, მისი თქმით, 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, ოპოზიცია კი, სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს.
განცხადება, რომ 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელმოწერილი დოკუმენტი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხს არ მოიაზრებს, ასევე გააკეთეს ირაკლი კობახიძემ, კახა კალაძემ და გიორგი გახარიამ.

შეთანხმების გაფორმების დღიდან ოპოზიცია აცხადებს, რომ ის ორეტაპიანია და გულისხმობს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილების უზრუნველყოფას, ასევე, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, შეთანხმება ჩაშლილად გამოცხადდება.

საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაზე მიუთითებს არასამთავრობო სექტორიც. “განსაკუთრებით ნიშანდობლივი იყო შარშან 20 ივნისის შემდგომ სხვადასხვა პოლიტიკური პირების მიმართ წარდგენილი ბრალდებები და ეს პოლიტიკური ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებდა”. – აცხადებს “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button