მნიშვნელოვანისიახლეები

პოლიციამ აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო

აქციის მონაწილეები ამ დრომდე გმირთა მოედანზე იმყოფებიან. მათ საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. მხოლოდ რამდენიმე ავტომობილმა შეძლო, რომ ტერიტორია დაეტოვებინა. თბილისში, გმირთა მოედანზე, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის წევრებმა გადაკეტეს, სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამ დროისთვის უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავებები პოლიციამ მოდენის გათავისუფლების მიზნით დაიწყო.

გმირთა მოედანზე, ვარაზის ხევის მიმდებარედ, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – არა რუსულ კანონს!
გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები ამჯერად გვირაბის გადაკეტვას ცდილობენ, რომელიც გმირთა მოედანს მერაბ კოსტავას ქუჩასთან აკავშირებს.

“მჭიდროდ და ერთად ვიაროთ, არ გავიფანტოთ, ნელი სვლით, ერთად გადავკეტოთ გვირაბი. სიმჭიდროვე შევინარჩუნოთ!”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქტივისტები აქციაზე სახელწოდებით “პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის!”, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარეობს, 18:00 საათიდან მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები გზების გადაკეტვას შეკრების წუთიდან ცდილობდნენ, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ ხელი არაერთხელ შეუშალეს. ამის შემდეგ აქტივისტებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ქუჩები რიგრიგობით გადაკეტეს, საბოლოოდ კი მიწისზედა სავალი ნაწილის გადაკეტვა სრულად მოახერხეს.
„მინდა, დაიმახსოვროთ ეს თარიღი, 11 მაისს მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია ყველამ ერთად, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია, ჩაინიშნეთ კალენდრებში. 11 მაისამდე ყველამ ავიღოთ დავალება, რომ ადამიანები, რომლებიც აქ ჯერ კიდევ არ ყოფილან, მოვიყვანოთ ჩვენთან ერთად.

გმირთა მოედანზე გაუშვეს გაზი, აკავებენ ჩვენს თანამოაზრეებს. მშვიდობიანი, არაძალადობრივი, კონსტიტუციური მსვლელობით ჩავიაროთ გმირთა მოედანზე“, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და კოსტავას ქუჩის კვეთაზე გზა გადაკეტეს. თავდაპირველად პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.

გმირთა მოედნის მიმართულებით მსვლელობას მიუძღვებიან მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და სოფო ჯაფარიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button