პოლიციამ “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა
შსს-ში აცხადებენ, რომ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული

გამოცემა ინდიგო ავრცელებს ინფორმაციას თავისი ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავების შესახებ.
გამოცემისთვის არსებული ინფორმაციით, ის 6 აპრილს, დღის საათებში, მარჯანიშვილის მეტროსთან დააკავეს და ამ დროისთვის დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
ჟურნალისტი, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებითაა დაკავებული. მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა მისი ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მეგობრებთან დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა და იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც უნდა შეხვედროდნენ, მისი კუთვნილი სკუტერი იპოვეს დაგდებული.
„გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ველოდებით, რომ ადვოკატი შევიდეს და გავიგოთ, რა მოხდა. მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი”,- წერს ნატა ძველიშვილი.
მედია ცდილობს შსს-ს პრესსამსახურში მომხდარის შესახებ მეტი დეტალის გაგებას. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ პოლიციამ გამოცემა „ინდიგო“-ს ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა.
როგორც ჟურნალისტრებს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, საბა სორდია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე მუხლი) გულისხმობს.
„ინდიგო“-ს აღმასრულებელი დირექტორის ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, საბა სორდია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ცნობილია, რომ ამჟამად ჟურნალისტს ადვოკატი ხვდება.