პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე 2 მოქალაქე დააკავა

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა. ისინი ტროტუარზე იდგნენ და აპროტესტებდნენ პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილი დორებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას, რომელიც ცდილობს 2008 წლის აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების ბრალეულობა დაადგინოს.
ერთ-ერთ დაკავებულს, თაკო კურატიშვილს 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის გვერდით მდებარე ტროტუარზე ხელში საპროტესტო პლაკატი ეჭირა წარწერით – „ანწუხელიძე უკვდავია“. ამ დროს მასთან მოულოდნელად მივიდა რამდენიმე პოლიციელი და დააკავა. მისი დახსნა ორმა აქტივისტმა სცადა, რომელთაგან ერთ-ერთიც, ლილუ შაველაშვილი პოლიციამ იქვე დააკავა.
ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს დაკავებული დემონსტრანტები.
აქციის მონაწილეები, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას აპროტესტებენ.
რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.
ამასთან, აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ პარლამენტის შენობიდან გამოსულ გოგა ხაინდრავას, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზე დაიკითხა.
დღეს, 28 მარტს პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა იმართებოდა. ამ სხდომაზე გაჟღერებული კითხვების გამო, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ ომის დღეებში ჩადენილ დანაშაულებზე მინიშნებებს შეიცავდა, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტი გამოიწვია. მათ პარლამენტის შესასვლელთან აქცია გამართეს.
კომისიის შესახებ
მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია, საქართველოს პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთან დაკავშირებით კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს, მოქალაქეები კი ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს მართავენ, 5 თებერვალს შექმნა დროებითი საგამოძიებო კომისია.
კომისია სამთვიანი მანდატი აქვს, რომელიც 5 მაისს იწურება. ის იკვლევს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს:
საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
კორუფციასა და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“.
„ქართული ოცნება“ გეგმავს, საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მხრიდან ხდება ქართული არმიის გასამართლება და ამას ვერ შეეგუებიან.
„კრემლის ფილიალში მიმდინარეობს ქართველი გენერლებისა და ქართული არმიის გასამართლება. ჩვენ, უბრალოდ, ვერ შევეგუებით ქართული არმიის გასამართლებას, იმ ადამიანების გასამართლებას, რომლებმაც 2008 წელს დამოუკიდებლობა შეგვინარჩუნეს, შეგვინარჩუნეს სახელმწიფოებრიობა, ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. კრემლის ფილიალში რომლებიც სხედან, მათი ადგილი არა მხოლოდ აქ, არამედ ციხეშია. ძალიან მალე ისინი ჩასხდებიან ციხეში, აგებენ პასუხს სახელმწიფო ღალატისთვის“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა იმართება. კომისიის თავმჯდომარეა „ქართული ოცნების“ წევრი თეა წულუკიანი. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა 2008 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში შემავალი სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსი მამუკა ყურაშვილი და 2004-2006 წლებში სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა. ასევე დღესვე დაიკითხება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი, რომელიც 2004-2006 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.