მნიშვნელოვანისიახლეები

პოლიციელ მირიან ქავთარაძის “შეურაცხყოფის” ბრალდებით დაკავებულების პროცესი ნინო ენუქიძემ 13 მაისს ჩანიშნა

თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი, რომლებსაც პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, გადაიდო.

მოსამართლე ნინო ენუქიძემ შემდეგი სასამართლო პროცესი 13 მაისს ჩანიშნა.

მოსამართლემ თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის ადვოკატების შუამდგომლობა, მირიან ქავთარაძის დაკითხვასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.
დღეს ადვოკატებმა მირიან ქავთარაძის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვეს. მოსამართლე ნინო ენუქიძემ სხდომა ისე გადადო, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილება/არდაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია.

მირიან ქავთარაძის დაკითხვის შუამდგომლობა ადვოკატებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც შსს-ს წარმომადგენლების შუამდგომლობიდან გაირკვა, რომ მათ მოწმეთა სიაში აღნიშნული პირი არ ჰყავდათ.

თორნიკე სხვიტარიძე მირიან ქავთარაძეზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმაა. თორნიკე სხვიტარიძის თქმით, სასამართლომ მირიან ქავთარაძის დაკითხვის შუამდგომლობის გარდა ყველაფერი დააკმაყოფილა, „ამაზე შეფერხდნენ რატომღაც“.

„მირიან ქავთარაძე უნდა დაიკითხოს იმის გამო, რომ ის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იმ მომენტში მირიან ქავთარაძე სასამართლოში მოსული იყო დაზარალებულად და მოწმედ. დღეს რატომ არ მოვიდა არ ვიცი”,- განაცხადა თორნიკე სხვიტარიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.

ანი ქავთარაძისა და თორნიკე სხვიტარიძის საქმეში არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – ამბობს ადვოკატი მარიკა არევაძე. მისი თქმით, ის შსს ასკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაობს მაშინ, როცა პოლიციელი მირიან ქავთარაძე სასამართლოს ჩვენებას აძლევდა როგორც რიგითი მოქალაქე და არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას:

ანი ქავთარაძეს და თორნიკე სხვიტარიძეს შსს ედავება, რომ მირიან ქავთარაძეზე თითქოსდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მირიან ქავთარაძე 17 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, როგორც დაზარალებული და მოწმე, ის გამოდიოდა საბა სხვიტარიძის პროცესზე, რომელიც თავის მხრივ, ასევე არის რეჟიმის ტყვე და პატიმარი უკვე რამდენიმე თვეა. ჩვენებას აძლევდა იქ, როგორც მოქალაქე, დაზარალებული და მოწმე. შესაბამისად, საერთოდ არ არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. ამიტომ, შსს არის საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, რადგან დაობს იმ საქმეში, სადაც არ არსებობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. არ შეიძლება აქ ობიექტური მოცემულობის შემთხვევაში რაიმე დარღვევის დადგენას ადგილი ჰქონდეს და რაც მთავარია, ამაზე უკვე სასამართლოს განჩინებებიც მიუთითებს, ვინაიდან ვერ ახდენს ის ჩვენს შუამდგომლობებზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას იმდენად თეთრით შავზეა ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ვასაბუთებთ” ამბობს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ადვოკატი მარიკა არევაძე.

რას მოითხოვს შსს ქავთარაძისა და სხვიტარიძისთვის სახდელის სახით, სავარაუდოდ, 13 მაისს გახდება ცნობილი.

მირიან ქავთარაძეს ცრუ მოწმეობაში ამხელენ, მას პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძის პროცესიდან გამოსვლის შემდეგ, გვარის შემარცხვენელი ეძახეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ანი ქავთარაძისა და თორნიკე ქავთარაძის ადმინისტრაციული სამართალდევნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button