მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საკვები არ უნდა იყოს გამოყენებული ომის იარაღად

მარცვლეულის შეთანხმების აღდგენა დასავლეთზეა დამოკიდებული-თურქეთის პრეზიდენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაერო-ში ქვეყნების უმრავლესობა თანხმდება, რომ საკვები არ უნდა იყოს გამოყენებული ომის იარაღად. ეს განცხადება ბლინკენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ აფრიკული ქვეყნებისთვის გაკეთებული შეთავაზება, რომ აფრიკული ქვეყნების ნაწილს 50 000 ტონა მარცვლეულს გადასცემს, არ არის საკმარისი და ეს ვერ ჩაანაცვლებს მარცვლეულის იმ რაოდენობას, რომელსაც საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოები „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან“ იღებდნენ.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების აღდგენა დასავლეთზეა დამოკიდებული.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის ხელახლა ამოქმედება შესაძლებელია, თუ დასავლეთი აღებულ ვალდებულებებს დაიცავს.

თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ანკარაში დიპლომატების ყოველწლიურ შეკრებაზე გააკეთა. ერდოღანმა გაკიცხა დასავლეთი იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მიერ შექმნილი პოზიტიური ატმოსფეროს გადაქცევა ცეცხლის შეწყვეტად და შემდგომში კი – გრძელვადიან ზავად.“

ერდოღანმა ისიც თქვა, თუ ომი შავ ზღვაში გადაინაცვლებს, ეს მთელი რეგიონისთვის კატასტროფული იქნება. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება 17 ივლისს დატოვა, რის მიზეზადაც მოსკოვმა დაასახელა, რომ დასავლეთი რუსული სურსათის ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნის პირობას არ ასრულებდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button