პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.
პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის გაფართოების ტემპსა და ხარისხს უზრუნველყოფს, როგორც აღმოსავლეთით, ისე სამხრეთით.
ამასთან, სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთის თავმჯდომარეობისას მიზანი თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ევროკავშირის ინსტრუმენტების გამოყენება იქნება.
“მას შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, მზად ვართ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, ინოვაციებისთვის და საერთო მიღწევებისთვის.
ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უფრო უსაფრთხო, ძლიერი და ერთიანი ევროპისთვის”, – წერია ინფორმაციაში.
პოლონეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა უნგრეთისგან გადაიბარა.