მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პოლონეთის და საფრანგეთის საელჩოები საქართველოში მოგზაურობის მსურველებს შესაძლო რისკების შესახებ აფრთხილებენ

გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც შესვლაზე უარის თქმის რისკს ზრდის, – ამის შესახებ მოქალაქეებისადმი მიმართვას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, საელჩო მათ აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც, შესაძლოა, დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის უცხოელებს დაეკისროთ.

„საქართველოში შესვლაზე უცხოელებისთვის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, გთხოვთ, საქართველოში გამგზავრებამდე გაითვალისწინოთ, არსებობს თუ არა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის შესვლაზე უარის თქმის რისკს: ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მათ სიახლოვეს ყოფნას, ასევე სოციალურ ქსელებში გარკვეულ აქტივობას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს უცხოელის შესვლის რისკ-ფაქტორები და ასევე, შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხოელებს შეიძლება მძიმე ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დაუყოვნებლივ გადახდას მოიცავდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ პროტესტებში მონაწილეობის და სოციალურ მედიაში აქტიურობის გამო ისინი შეიძლება საქართველოში არ შეუშვან.

შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო უწყების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

“28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველ დღე დემონსტრაციები იმართება, ხანდახან დიდი მასშტაბის.

ეს დემონსტრაციები ხშირად დაპატიმრებებითა და სამართალდამცავების მიერ დაშლით სრულდება, კონკრეტულად პარლამენტის გარშემო, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ დემონსტრაციებში მონაწილეობა შეიძლება მძიმე ჯარიმებით ისჯებოდეს (5,000 ლარი თითო ჯარიმა, ანუ 1,600 ევროზე მეტი, რაც შეიძლება შეჯამდეს რამდენიმე ჯარიმის შემთხვევაში).

საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს.

შეგახსენებთ, რომ საპოლიციო შემოწმების შემთხვევაში თითოეულმა პიროვნებამ საკუთარი იდენტობის დამტკიცება უნდა შეეძლოს.

საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება შეიძლება საქართველოში ცხოვრების უფლების მქონეებსაც არ მიეცეთ. მოგზაურებს მოვუწოდებთ, რომ მოგზაურობამდე ინფორმაცია მოიპოვონ ფაქტორების შესახებ, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე არშესვლის რისკის წინაშე შეიძლება დააყენონ, მათ შორის საქართველოში პროტესტებში მონაწილეობა და სოციალურ მედიაში მათი აქტიურობა. მომავალში საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა შეიძლება დამოკიდებული იყოს ამ პროტესტებში თითქოსდა მონაწილეობის გამო დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button