პოლონეთის სეიმი და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ

პოლონეთის სეიმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.
პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა რეზოლუცია ცოტა ხნის წინ მიიღო. მას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 8 იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციის ტექსტი სეიმის სხდომაზე პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმა მალგოჟეტა გოშევსკამ წარადგინა. ის საქართველოში ორჯერ იმყოფებდა და ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებამ მას მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მისცა.
გარდა ამისა, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, გაერთიანდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.
“სამედიცინო დიაგნოზები მიუთითებს მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებასა და სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით სპეციალიზებულ მკურნალობაზე, რაც საქართველოში შეუძლებელია სათანადო სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო
პოლონეთის რესპუბლიკის პარლამენტი მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, დაიცვან ჰუმანიტარიზმის უნივერსალური პრინციპები, რომლის მიხედვითაც ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. დაუყოვნებლივ მიეცეს მიხეილ სააკაშვილს ნებართვა, მიიღოს გადაუდებელი სპეციალიზირებული მკურნალობა მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად, რაც რეკომენდირებულია ექიმების მიერ. პოლონეთის სეიმი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოს მეგობრებს სოლიდარობისა და შეუპოვარი ძალისხმევისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად”, – აღნიშნულია რეზოლუციის დოკუმენტში.
გარდა ამისა, რეზოლუციაში მითითებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოთქმული აქვს მზადყოფნა, რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდეს და წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი და ადეკვატური სამედიცინო დახმარების გასაწევად საზღვარგარეთ გადაიყვანოს.
“ძალიან გვაღელვებს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. ვითვალისწინებთ საქართველოში ჯანდაცვის მომსახურების წვდომის კუთხით არსებულ შეზღუდვებს, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, შეაჩერონ მისი განაჩენის გამოტანა ჰუმანიტარულ საფუძველზე, რათა უზრუნველყონ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, რადგან ისინი ვალდებული არიან, ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა მას ადეკვატური სამედიცინო დახმარება გაეწიოს”, – აცხადებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის გენერალური მდივანი, ბერით ლინდემანი.
დღეს სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ უკრაინის მხარემ მესამე პრეზიდენტის სავარაუდო მოწამვლის თაობაზე გამოძიება დაიწყო. მისივე თქმის გამოძიებაში ჩართულია მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი.
შეგახსენებთ რომ სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ – 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.