დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს კორეელი სპეციალისტები გადაამზადებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურის (KNPშ) წარმომადგენლობის მიღება გაიმართა. მიღების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა, კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმადა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა, საქმეთა რწმუნებულმა, დაესუ ჩანგმა საქართველო-კორეის ეროვნული პარკების სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის ბოლოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ეროვნული პარკების ინტეგრაციას საერთაშორისო სივრცეში. კორეის რესპუბლიკის ეროვნული პარკების სამსახურთან ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ საქართველოს უნიკალურ ბუნებას და გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, რის შემდეგაც, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები საქართველოსა და კორეის ეროვნული პარკების სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
ურთიერთგაგების მემორანდუმი ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებით მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს, მათ შორის, დაცული ტერიტორიების თანამშრომლების გადამზადებას, ტრენინგებსა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს.
„მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ვეცნობით საქართველოს ულამაზეს ბუნებას. საქართველოსა და კორეას მსგავსი ისტორია და კულტურა აქვთ, უნიკალური ენა, უნიკალური კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობა, რომელიც კაცობრიობამ უნდა შეინარჩუნოს. დღევანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა ერთად განვითარების შესაძლებლობას ემსახურება, მართვის ტექნიკების თუ სხვა გამოცდილების გაზიარებით. იმედი მაქვს, საქართველოს ეროვნული პარკების ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ეწვევიან კორეას და ჩვენი ბუნების სილამაზეს გაეცნობიან“, – განაცხადა კორეის ეროვნული პარკების სამსახურის თავმჯდომარემ, ჰიუნგ-კუნ სონგმა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კორეის ეროვნული პარკების სამსახურს (KNPშ) შორის, ბოლო წლების განმავლობაში, მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, მათ შორის, ალგეთის ეროვნულ პარკში მოეწყო საქართველო-კორეის ეროვნული პარკების ერთობლივი ფოტო-გამოფენა. ამ და სხვა ღონისძიებებმა საფუძველი ჩაუყარა ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს გარემოს დაცვის მიმართულებით და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სამომავლო თანამშრომლობისთვის.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ყაზბეგისა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, მარტვილის კანიონს და იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებს დაათვალიერებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს 11.38%-ი დაცული ტერიტორიებია. 2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს. დაცული ტერიტორიების საგრანტო პორტფელი 54 მილიონი ლარია, საიდანაც 2020 წლისთვის გათვალისწინებული იყო დაახლოებით 14 მილიონი. 2021 წლის გეგმების მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყება, რომელთა ჯამური ღირებულება 60 მილიონ ლარამდეა. გრანტები მიმართულია საკონსერვაციო ღონისძიებების გასაძლიერებლად, ახალი დაცული ტერიტორიების შექმნისა და ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. მათ შორის, დაგეგმილია ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარების პროექტი, რომლისთვისაც გამოყოფილია 1 995 000 ლარის ფინანსური რესურსი. საოპერაციო ღონისძიებების დასაფინანსებლად კი სააგენტოს ბიუჯეტში მობილიზებული იქნება დაახლოებით 3 990 000 ლარის გრანტი.
ცნობისთვის, 2020 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 30-მდე ეკოტურისტული პროექტი მიმდინარეობს და საერთო ჯამში 7 000 000-მდე ლარის ინვესტიციას შეადგენს. პროექტების განხორციელების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. 2020 წელს, აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და დასრულების ეტაპზეა 200 კმ-მდე საფეხმავლო ეკოტურისტული ბილიკები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და აბასთუმნის ტერიტორიაზე, სათაფლიაში, აჯამეთის აღკვეთილში, ალგეთის ეროვნულ პარკში. კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ მოეწყო. ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში, შატილში, მიმდინარეობს 4 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთაშორისო სტანდარტის ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFჭ), კავკასიის ბუნების ფონდი (ჩNF), გაეროსგანვითარებისპროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-სსაერთაშორისოგანვითარებისსააგენტო (UშAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნებისდაცვის მსოფლიოფონდი (ჭჭF), რომელთა მხარდაჭერითა და ჩართულობით განხორციელდა და მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე.