პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტასთან დაკავშირებით კომენტრარები გაკეთდა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განმარტება გააკეთა პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად, 15 ნოემბერს მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
16 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ წინასწარი ანალიზი გვიჩვენებს, რომ „შემთხვევა გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ, რომელიც უკრაინის ტერიტორიის დასაცავად იქნა გატყორცნილი რუსეთის ფრთოსანი რაკეტისგან თავდასაცავად“.
სტოლტენბერგის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება იმისა, რა მოხდა ზუსტად და რა პირობებში გასროლილი რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად.
ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, „არ გვაქვს იმის ნიშნები, რომ ეს იყო წინასწარგანზრახული თავდასხმის შედეგი“. მისი თქმით, ეს არ არის უკრაინის ბრალი, რადგან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და მასზე თავდასხმის პირდაპირი შედეგია.
ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი და ესროლოს რუსეთის რაკეტას.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, “უბედური შემთხვევა” უწოდა ქვეყნის აღმოსავლეთში სამშაბათს საღამოს მომხდარ აფეთქებას. ვარშავა ინციდენტს ქვეყანაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშად არ აფასებს.
„სამშაბათს პშევოდუვში მომხდარი აფეთქება, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, არ ყოფილა პოლონურ მხარეზე თავდასხმა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ რაკეტა რუსეთის მიერ იყო გაშვებული“, – განაცხადა დუდამ.
თუმცა, მან იქვე განმარტა, რომ ტრაგედიაში რუსეთია დამნაშავე, რომელმაც მასირებული იერიში მიიტანა უკრაინაზე და სავარაუდოდ, უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც თავდასხმას იგერიებდა, პოლონეთის საზღვრებში ჩავარდა.
დუდას თქმით, შემთხვევის ადგილის წინასწარი დათვალიერებით ირკვევა, რომ მომხდარი რაკეტის ჩამოვარდნის შედეგია, შესაძლოა, დარჩენილი საწვავის აფეთქებასთან ერთად.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ დაამატა, რომ შეგროვილი მტკიცებულებები, ასევე ამერიკული მხარის მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო.
მანვე აღნიშნა, რომ ნატოს წესდების მე-4 მუხლის გააქტიურება ამ ეტაპზე შესაძლოა, არ იყოს საჭირო, „მაგრამ ეს ინსტრუმენტი ჩვენს განკარგულებაშია“. მე-4 მუხლი ითვალისწინებს ალიანსის მიერ კონსულტაციების დაწყებას საფრთხეზე, რომელიც ერთ-ერთ წევრს აშფოთებს.
უკრაინა მხარს უჭერს პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის პარტნიორებთან ერთობლივ გამოძიებას და მოითხოვს, შემთხვევის ადგილზე დაუშვან უკრაინელი სპეციალისტები, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
მისი განმარტებით, კიევი ითხოვს უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს აფეთქების ადგილზე ვწდომის საშულება დაუყოვნებლივ მიეცეთ.
“ჩვენ პარტნიორებთან ერთად ამ ინციდენტის შემდგომი, ყველაზე დეტალური შესწავლის მომხრე ვართ. ჩვენ მზად ვართ პარტნიორებს ჩვენს ხელთ არსებული რუსული კვალის დამადასტურებელი მტკიცებულებები გადავცეთ”, – თქვა დანილოვმა და დაამატა რომ „ჩვენ ასევე ველით ინფორმაციას ჩვენი პარტნიორებისგან, რის საფუძველზე გაკეთდა საბოლოო დასკვნა, რომ ეს არის უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა“.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინას სრულიად ღია პოზიცია აქვს გამოძიების მიმართ და აღნიშნა, რომ „მომხდარში დამნაშავე მხოლოდ რუსეთი და მისი სარაკეტო ტერორია”.
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო შეახსენებს, რომ კიევი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ „ცენტრალური ევროპის რეგიონის რუსული რაკეტებისგან დაცვა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე ეფექტური საჰაერო ფარის განვითარებით“.