მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პორტუგალიას მოუწოდებენ, არ მისცენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრების საშუალება

ოცნების პრემიერმა ჯო ვილსონი ცეკას მდივანს შეადარა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (ОБСЕПА) აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, უკრაინის, ლატვიისა და ლიეტუვის დელეგაციის ხელმძღვანელები და წევრები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ პორტუგალიის პრემიერმინისტრს და მოუწოდებენ არ გასცეს ვიზები ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს დაესწრონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიურ სესიას, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისამდე პორტუგალიაში გაიმართება. ინფორმაციას ჰელსინკის კომისია X-ზე ავრცელებს .

წერილს ჰელსინკის კომისია ავრცელებს სოციალურ ქსელში. მისი ხელმომწერები მიიჩნევენ რომ, „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრების პრივილეგიის მინიჭება მათ რეპრესიულ მმართველობას ლეგიტიმაციას მიანიჭებს და მისცემს მათ დაუმსახურებელ პლატფორმას”.

“მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, უარი თქვას ვიზებზე ან სხვაგვარად შეუშალოს ხელი “ქართული ოცნების” მთავრობის წევრებს მონაწილეობაში, რომლებიც ცდილობენ დაესწრონ ამ მნიშვნელოვან შეხვედრას. “ქართული ოცნების” მთავრობა სისტემატურად არყევდა დემოკრატიას საქართველოში, ჩართული იყო ფართომასშტაბიანი არჩევნების გაყალბებაში, ძალადობრივად ახშობდა მშვიდობიან პროტესტებს, დააპატიმრა ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ბედავენ მის ავტოკრატიული მმართველობას წინ აღუდგნენ. მათი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელთა პოპულარიზაციასა და დაცვას პორტუგალია და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ცდილობენ.

“ქართული ოცნების” მთავრობის წევრებისთვის ამ პრესტიჟულ სესიაზე დასწრების პრივილეგიის მინიჭება ლეგიტიმაციას გაუწევს მათ რეპრესიულ მმართველობას და მისცემს მათ პლატფორმას, რომელსაც ისინი არ იმსახურებენ. მათი მონაწილეობა ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ეუთო იცავს და არასწორ გზავნილს გაუგზავნის მათ, ვინც დემოკრატიისთვის იბრძვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პორტუგალიამ, როგორც დემოკრატიული იდეალების ურყევმა დამცველმა, მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მათი [“ოცნების” წევრების] შესვლის აკრძალვით”, – – აღნიშნულია წერილში, რომელსაც 25-ზე მეტი დეპუტატი აწერს ხელს.

“ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარის, ჯო ვილსონის თანაავტორობით მიწერილი წერილის კომენტირებისას, მედიასთან საუბარში “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თქვა, რომ ეს არის “ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა”.
ჯო უილსონის წერილი ეუთოსადმი არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ჯო უილსონის თანაავტორობით გაგზავნილ წერილს შეეხებოდა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მიდგომები შეიცვლება და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, სწორედ, აშშ-სა და ევროპისთვისაა მნიშვნელოვანი მსგავსი საბჭოური დამოკიდებულებების შეცვლა.

“ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომა, რომ შეხედო ჯო უილსონს, ისიც ძალიან წააგავს თავისი ნატურით ცეკას მდივანს. ეს არის ჩვეულებრივი საბჭოური მიდგომები, რაც არ შეშვენის აშშ-სა და ევროპას. ჩვენ სხვანაირ ევროპას ვიცნობდით, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს. სხვანაირ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიცნობდით და არა ისეთს, როგორსაც განასახიერებს ჯო უილსონი. იმედია, ეს ყველაფერი შეიცვლება და ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია თვითონ აშშ-სა და ევროპისთვის, რომ ასეთი საბჭოური დამოკიდებულების ნაცვლად, დამკვიდრდეს ჯანსაღი დამოკიდებულებები”, – აღნიშნა პრემიერმა.

ჯო უილსონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდება, მათ ინტერესებს ახმოვანებს და ჩვენს ქვეყანას აზიანებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ არჩეული კონგრესმენი თავის სამუშაო დროს საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და საკმაოდ მავნებლურ მოქმედებებს უთმობს.
„ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ალბათ გაუკვირდება ის აქტიურობა, რასაც ჯო უილსონი საქართველოსთან მიმართებაში იჩენს. ფაქტობრივად, ამერიკელი ამომრჩევლის მიერ არჩეული კონგრესმენი თავის სამუშაო დროს სრულად საქართველოს უთმობს და, რაც მთავარია, საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და საკმაოდ მავნებლურ მოქმედებებს. ჯო უილსონის განცხადებები სრულ ჰარმონიაშია იმ ფოტოსთან, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან ერთად პოზირებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისი თქმით, ჯო უილსონის ყველა ბრალდება სრულად ჯდება იმ „ნაცურ“ ნარატივში, რასაც საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ადამიანების მხრიდან ისმის.
„ჯო უილსონის ყველა ბრალდება სრულად ჯდება იმ „ნაცურ“ ნარატივში, რასაც საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ადამიანების მხრიდან ვისმენთ. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ეს ტყუილი ნარატივები მათი ჩარევით ხორციელდება და ჯო უილსონი მათი მოკავშირეა. ეს ადამიანები თვლიან, რომ ქართულ საზოგადოებას ამაზე რეაგირება არ ექნება, მაგრამ პირიქით. ჯო უილსონი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდება, მათ ინტერესებს ახმოვანებს და ჩვენს ქვეყანას აზიანებს, რაც „ნაცმოძრაობის“ რეიტინგში პირდაპირ აისახება, ასევე ქართველების მიმართ ანტიგანწყობაში“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ჯო უილსონი მაგარი, სასწაული კაცია, უკვე კომიკურ ფიგურად იქცა ქართული საზოგადოებისთვის. ასეთი სასაცილო კაცების იმედზე არ უნდა იყვნენ, დიდი უბედურება ის არის, რომ, ამ სასაცილო ადამიანების გარდა, უფრო სერიოზული ძალები უჭერენ მხარს ჩვენს აგენტურულ ოპოზიციას და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ამაყია, რომ გარკვეულმა ძალებმა მასზე კონტროლის მოპოვება ვერ შეძლეს.
„როცა ჩვენი ოპონენტები კითხულობენ, სად არის „დიფ სთეითი“, რა ჰქვია, რა გვარია, თავის გასულელებით არიან დაკავებულები. ტრამპი ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ არის დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოსთვის, არამხოლოდ ამერიკისთვის, თუმცა ტრამპს რომ არ დავესესხოთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ მსოფლიოში არსებობს არაფორმალური გავლენები, რომლებიც, სამწუხაროდ, მოდებულია ევროპის კონტინენტზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენები, გნებავთ „დიფ სთეითი“, გნებავთ გლობალური ომის პარტია დავუძახოთ. კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ბოლომდე იწევდნენ და ომს უჭერდნენ მხარს, მაშინ ჩვენ ვეძახდით გლობალური ომის პარტიას. დღესაც კი ეს ძალები მხარს უჭერენ ომს. ეს არის ადამიანების ერთობა, რომლებმაც შეძლეს, რომ უდიდესი კორპორაციული მიზნებიდან, არაფორმალური, ოლიგარქიული გავლენების გაძლიერების მიზნებიდან ბევრ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარეს. ეს ვერ შეძლეს საქართველოზე. ამით ამაყია ქართველი ხალხი“, – განაცხადა მდინარაძემ.

იანვარში ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირი-საქართველოს სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილების შეჩერებაზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას, ქართველი დიპლომატები და თანამდებობის პირები ვეღარ ისარგებლებენ განაცხადის წარდგენის შემცირებული ვადით, დაბალი სავიზო მოსაკრებლითა და ნაკლები დამხმარე დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობით.

გადაწყვეტილება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებზე, ასევე „აგენტებისა“ და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონების მიღებაზე.

საქართველოში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს და პარტიის წარმომადგენელთა ნაწილს სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ლიეტუვამ, შემდეგ კი – ესტონეთმა და ლატვიამ, ასევე – გერმანიამ. სანქციები დააწესეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button