საქართველოსიახლეები

პრემიერ-მინისტრი ადასტურებს, რომ საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ ის საკუთარ დედას სასამართლოში უჩიოდა და დავის საგანი სწორედ გადაუხდელი ვალი იყო. დღეს მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მას არანაირი ვალი არ გააჩნია. თუმცა ვალი პრემიერის ოჯახმა მხოლოდ 2017 წელს, ფინანსთა მინისტრის პოსტზე მის დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე დაფარა.

„შაბათის კურიერის“ სიუჟეტის მომზადებისას კურიერის კითხვამ, რატომ უჩივლა პრემიერმა დედას სასამართლოში, საქართველოს მთავრობის მეთაური გააბრაზა. დღეს კი მან სპეციალურ ბრიფინგზე ამ კითხვის დასმისთვის მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ბრიფინგისას შეგნებულად არ ისაუბრა.

მოისმინეთ მამუკა ბახტაძის ხმა.

სკანდალური ისტორია 2011 წლის 23 სექტემბრიდან იწყება, როდესაც პრემიერის დედამ ორი მოქალაქისგან, ჯამში, 120 ათასი დოლარი ისესხა. ფულის დაბრუნების გარანტად კი, გამსესხებლის სასარგებლოდ, იპოთეკით მცხეთაში მამუკა ბახტაძის ოთხსართულიანი სახლი დატვირთა.

მამუკა ბახტაძემ დედას უფლება მისცა, მისი სახლი იპოთეკით დაეტვირთა და სესხი აეღო.

ირკვევა, რომ პრემიერის დედამ ფული უკან არ დააბრუნა, ამიტომ იპოთეკარებმა აღსრულების ბიუროს მიმართეს და 2012 წლის ზაფხულში მამუკა ბახტაძის ოჯახს მცხეთის სახლიდან ასახლებდნენ, პრემიერის სახლი იძულებით აუქციონზე გასაყიდად გაჰქონდათ. სწორედ ამ დროს დაიწყო მოქმედება მამუკა ბახტაძემ და დედას სასამართლოში უჩივლა.

ბახტაძე ასაბუთებდა, რომ დედამ, რომელთან ერთადაც ერთ სახლში ცხოვრობდა და რომელსაც მისცა უფლება, მისი სახელით ქონება იპოთეკაში ჩაედო, სესხი ისე აიღო, რომ მან ამის შესახებ არ იცოდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button