მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“იქნება წყლის სხურება და ხატებით შემოვლა”

საქართველოს საპატრიარქო გეგმავს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისის ქუჩები მანქანებიდან აკურთხოს და ხატებით შემოიაროს. ამის შესახებ ინფორმაცია არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა TV პირველთან გააჟღერა. მისი თქმით, 17 მაისს მასშტაბური მსვლელობა პანდემიის გამო ვერ მოეწყობა.

“ხვალ იგეგმება ის, რომ რამოდენიმე მანქანა, ქალაქის მასშტაბით, სასულიერო პირებთან ერთად მოივლის და ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავს ამ დღესასწაულს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. [..] იქნება წყლის სხურება და ხატებით შემოვლა”. — თქვა იოანე მჭედლიშვილმა.

აღნიშნული ინფორმაცია საპატრიარქომ დაადასტურა.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Tbilisi Pride-მა თბილისის მერ კახა კალაძეს წერილით მიმართა და სთხოვა, რომ 17 მაისს ქალაქის ანძა ლგბტ დროშის ფერებში განათდეს. თუმცა, მერიას საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია.

საგანგებო მდგომარეობის გამო, ქვეყანაში ყველა ტიპის შეკრება და მანიფესტაცია აკრძალულია. 17 მაისს საქართველოს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს აღნიშნავს. ეკლესიამ ეს დღესასწაული მას შემდეგ დააწესა, რაც 2013 წლის 17 მაისს მრევლმა და სასულიერო პირებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ძალადობრივად დაარბიეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button