პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას საკადრო ცვლილებები გააცნო
პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი მთავრობის სხდომა ჩაატარა, რომელზეც საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
კერძოდ, კობახიძის თქმით, მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი იქნება. რომელიც აქამდე ვიცე-პრემიერის მოვალეობას ასრულებდა.
რაც შეეხება ვიცე-პრემიერებს, თანამდებობას კულტურის მინისტრი – თეა წულუკიანი და თავდაცვის ახალი მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებენ.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი იქნება.
ირაკლი კობახიძემ სხდომა ცვლილებებზე საუბრით დაიწყო:
“უკვე ცნობილია პრინციპში, რომ პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება დაეკისრება ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრ – ლევან დავითაშვილს, მას წარმატებები მინდა ვუსურვო. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურისა და სპორტის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება ვიცე-პრემიერის უფლებამოსილება”, – თქვა კობახიძემ.
მინისტრებს შორის შეიცვალა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი – ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა.
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ტელეკომპანია „იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა შეცვალა.
8 თებერვალს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის შემადგენლობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.