“პრემიერის ნათესავი სახლში მომივარდა და მემუქრება” – თამილა გურაშვილი

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველოს დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი ირწმუნება, რომ “დღეს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ნათესავი, ზურაბ გონაშვილი სახლში მიუვარდა და მას მთავრობის კრიტიკის შეწყვეტა მოუწოდა, სხვა შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა”.

უფრო კონკრეტულად, გურაშვილის თქმით, “პრემიერის ნათესავი მას აბრალებს, რომ ქართულ მედიასაშუალებებს დედოფლისწყაროდან ინფორმაციებს აწვდის და კრიტიკული მასალების მომზადებაში ეხმარება”.

თამილა გურაშვილი ამბობს, რომ “სახლში მივარდნას” წინ უძღვოდა სატელეფონო საუბარი მასსა და “პრემიერის ნათესავს” შორის.

“თავდაპირველად მე დავურეკე ზურაბ გონაშვილს, რადგან მან ჩემს მიმართ საყვედურები და მუქარები რამდენიმე ადგილზე გააჟღერა. ტელეფონზეც მომაყენა შეურაცხყოფა და შემდეგ სახლში მომივარდა. მე არ გავსულვარ ოთახიდან. ჩემი შვილი გავიდა გარეთ და მას ამ სიტყვებით მიმართა გონაშვილმა: სად გდია დედაშენი, პირი მოკეტოს და ენა გააჩუმოსო. წინააღმდე შემთხვევაში აქედან გაგასახლებთ და სამსახურიდან გავათავისუფლებთო”, – განაცხადა თამილა გურაშვილმა. მისივე მტკიცებით, მომხადარის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახა და მას ახსნა-განმარტება ჩამოართვეს.

თამილა გურაშვილი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. ამბობს, რომ ის ხშირად აკრიტიკებს პრემიერ მინისტრს და დღევანდელ მთავრობას.

რადიო “ჰერეთი” ზურაბ გონაშვილს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ “თამილა გურაშვილთან არანაირი სახის კონფლიქტი არ აქვს”. ამ სიტყვების შემდეგ კი ტელეფონი გათიშა.

რადიო “ჰერეთი” მომხდარზე ინფორმაციის მიღებას ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button