პრემიერმა თანამდებობები გადაანაწილა-სალიამ ოხანაშვილმა და ლილუაშვილმა თანამდებობები შეიცვალეს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში.
„საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
წარმატებებს ვუსურვებ გრიგოლ ლილუაშვილს, ანრი ოხანაშვილს და პაატა სალიას ახალ თანამდებობებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს, თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი შეცვლის – ის ამ დრომდე იუსტიციის მინისტრი იყო. ანრი ოხანაშვილის ადგილზე კი “ქართული ოცნების” დეპუტატი პაატა სალია დაინიშნება. საკადრო ცვლილებების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თანახმად, “საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი”.
“შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე, ანრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილი არის სამართლის დოქტორი. მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას ზეგ, მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, ის რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ეს უწყება, კობახიძის თქმით, დამოუკიდებელ სამინისტროდ ყალიბდება და მისი “ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა და ხარჯთეფექტიანობის უზრუნველყოფა იქნება.”
“ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდს გადააჭარბა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული. ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს.
“საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა კანონის თანახმად, მას აღარ ჰქონდა თანამდებობის ხელახლა დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე, ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ზოგადად, მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. შესაბამისად, მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობისთვის.
“ურთულესი გამოწვევების ფონზე, მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გრიგოლ ლილუაშვილი სუსის ხელმძღვანელად 2019 წლის ოქტომბერში აირჩიეს, მას ვადა ეწურებოდა 6 წლისთავზე, 2025 წლის ოქტომბერში, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. უფრო ადრე ლილუაშვილი იყო სუსის უფროსის მოადგილე, პარლამენტში იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, უმუშავია თბილისის მერიასა და „ქართუ ბანკში“.
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა პარლამენტმა 6 წლის ვადით, მანამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, 2017 წლის დეკემბრიდან. 2016 წლის მოწვევის პარლამენტში იყო “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ვანსა და ხონში.
2002-2016 წლებში, მას წამყვანი თანამდებობები ეკავა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში: ფონდ „ატუში“, შპს „ბურჯში“, შპს „ქართუ მშენებელში“, სს „ქართუ ჯგუფში“, სს „ქართუ ბანკში“.
ანრი ოხანაშვილი, იუსტიციის მინისტრობამდე, “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში. მე-10 მოწვევის პარლამენტში ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა.
პაატა სალია მე-11 მოწვევის პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატობამდე, იყო ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი, მანამდე კი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებულ დავაში.