პრემიერმინისტრის ინფორმაციით გარდაცვლილია 13 ადამიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა რომ ამ დროისთვის,ოფიციალურად დასტურდება სტიქიის შედეგად 13 ადამიანის დაღუპვა, დღის ბოლოს 2 ცხედარია ნაპოვნი, რომელთა იდენტიფიცირება ახლა ხდება. ასევე, მზიურის ტერიტორიაზე ნაპოვნია კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი, რომლის იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 11 პირი. დაღუპული და დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უკვე მიეწოდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის საავადმყოფოებში რჩება 7 ადამიანი. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. მთელი ქალაქის მასშტაბით ინტენსიურად გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები, რომლებშიც ჩართულია 350-მდე მაშველი სრული აღჭურვილობით, მერიის დასუფთავების სამსახურისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები. გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობს 250-მდე სპეციალური ტექნიკა“, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისში და მის შემოგარენში სტიქიის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოები აქტიურად ხორციელდება, – საგანგებო შტაბის მიერ გაწეული საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა.

პრემიერის თქმით, შესაბამისი სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობით, ხვალ დილისთვის გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობის აღდგენა იგეგმება. აქტიურად იწმინდება ვერეს ხეობის და ზოოპარკის ტერიტორია.

“მელიქიშვილის გამზირის დაზიანებულ მონაკვეთი აღდგენილია და შეზღუდვა საავტომობილო მოძრაობაზე რამდენიმე საათში მოიხსნება.წყნეთის ქუჩაზე მერიის სამსახურების მიერ ჩატარებულია დასუფთავების სამუშაოები. ამჟამად ადგილზე ელოდებიან ინერტული მასალების მიტანას, რომლითაც მოხდება სამაგრი კედლის აღმართვა, რათა არ მოხდეს მდინარის მიერ დამატებითი მიწის მასის ჩამოშლა და მასზე არსებული საცხოვრებელი სახლების და ავტოსადგომების ნგრევა. მდინარის მიმდებარე ტერიტორია, სადაც არსებობს მიწის ჩამოშლის საფრთხე, შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით და მას იცავენ შსს-ს თანამშრომლები. წყნეთის ქუჩა #13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან მოხდა მოსახლეობის გაყვანა, თუმცა, ბინის დატოვებაზე უარს ამბობს 3 ოჯახი. იმედი მაქვს, მათ დარწმუნებას შევძლებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. რომელმაც ასევე ისაუბრა ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანზე – სვანიძის ქუჩაზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ.


ირაკლი ღარიბაშილის თქმით, შესაბამისი სამსახურები, ეროვნული გვარდია, სპორტსმენები და მოხალისეთა რაზმები თბილისის მერიის კოორდინაციით აგრძელებენ მუშაობას, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლების უმრავლესობის პირველი სართულები გაწმენდილია.


როგორც პრემიერმა განაცხადა, 4-5 სახლში, მათი ავარიული მდგომარეობის გამო, გაწმენდითი სამუშაოების წარმოება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია და ჯერჯერობით ვერ ხერხდება იქ შესვლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button