მნიშვნელოვანისიახლეები

,,არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს,,-ვისაც სამი და მეტი შვილი ჰყავს და ცხოვრობს მძიმე პირობებში მთავრობა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე. პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.

მთავრობა ოჯახებს, ვისაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში არიან ან საცხოვრებელი არ აქვთ, 2024 და 2025 წლებში, საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ოჯახების რაოდენობა ათასამდეა.

„50 მილიონია ბიუჯეტი. დევნილთა სააგენტოში შეიქმნება შესაბამისი კომისია და ამ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ეს ოჯახები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან”,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

რაც შეეხება აღნიშნული პროგრამის განხორციელების ფორმას, აზარაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს აქვს შესაბამისი ოჯახების ბაზა, თუმცა მუნიციპალური ცენტრებისთვის განაცხადით მიმართვა თავად მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

„ასეთი ოჯახები განაცხადებს გააკეთებენ მუნიციპალურ ცენტრებში. გვაქვს ინფორმაცია ასეთი ოჯახები რომელ მუნიციპალიტეტებში არიან. ჩვენ თვითონაც მივმართავთ და თვითონაც შეეძლებათ განაცხადით მომართვა”,- განაცხადა აზარაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ უკავშირდება აღნიშნული პროგრამის განხორციელება საარჩევნო წელს, აზარაშვილი ამბობს, რომ საკითხზე გადაწყვეტილება აქამდე იყო მიღებული და მას საარჩევნო წელთან ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან კავშირი არ აქვს.

„რადგან საარჩევნო წელია, არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმდა წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, თუმცა მთელი წინა წლის განმავლობაში მიდიოდა ამ პროექტზე მუშაობა. გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული ახლა მხოლოდ გაფორმდა.

არანაირი კავშირი საარჩევნო წელთან არ აქვს და მითუმეტეს რა კავშირი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან.

თანხები გამოიყოფა კონკრეტული მიზნობრიობით”,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

„პროგრამის მიზანი სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი 3 და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი, ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში განხორციელდება,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button