პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო

პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია დაიწყო. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში ვიდეომასალას ავრცელებს.
პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ „ხელისუფლება ეფექტურად შლის ქართულ ბანდებს“.
დეპორტაციები დაიწყო, ეფექტურად ვშლით ქართულ დაჯგუფებებს, არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით. ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
პრემიერ-მინისტრი განცხადებას ურთავს ვიდეორგოლს, რომელშიც სასაზღვრო პოლიცია ქართველი არალეგალი მიგრანტების ესკორტირებას ახდენს თვითმფრინავამდე.
პოლონელი ოფიციალური პირების ცნობით, 5 მარტს ქვეყნიდან საქართველოს 17 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.
“პოლონეთი ძალიან ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არავითარ დანაშაულებს არ შევეგუებით. კრიმინალებს არ მივესალმებით და ისინი დეპორტირებულ იქნებიან… მიუხედავად იმისა, ეს წვრილმანი ქურდობაა, ნარკოტიკებით ვაჭრობაა, თუ ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობაა”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ.
გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც პოლონეთში კანონი დაარღვიეს, ქვეყნიდან გააძევებდნენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა მაშინ განაცხადა, რომ პოლონეთში დაკავებული უცხოელი კრიმინალების დეპორტაცია მათი წარმოშობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მარტის პირველ კვირაში განხორციელდებოდა.
პოლონეთის მთავრობაში აცხდებენ, რომ ესენი არიან „კრიმინალები, რომლებმაც იპოვეს პოლონეთში ცხოვრების გზა კანონის დარღვევით“.
პოლონელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, 5 მარტს დეპორტირებულ ქართველ მოქალაქეებს შორის იყვნენ 24-58 წლის მამაკაცები, რომელთა სადეპორტაციოდ ტრანსპორტირებაც პოლონეთის სხვადასხვა კუთხიდან მოხდა.