პრეზიდენტ ზელენსკიზე თავდასხმა იგეგმებოდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, აღკვეთეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე სავარაუდო თავდასხმა. სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ზელენსკის მკვლელობა იგეგმებოდა მისი ნიკოლაევის ოლქში ვიზიტისას.
უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმატორი ქალი, რომელიც ზელენსკის ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა. მათ შორის ზელენსკის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზე.
ამასთან, უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ქალი ოჩაკოვის რაიონში ცდილობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით.
უკრაინული გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ქალი ოჩაკოვის მკვიდრია. ის რეგიონის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო მაღაზიაში ყოფილი გამყიდველი იყო. სადაზვერვო ინფორმაციას ის რეგიონის მთელ ტერიტორიაზე აგროვებდა.
განცხადების თანახმად, ბრალდებული ქალი ოჩაკოვში უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების, ელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საწყობების ადგილმდებარეობის გაგებასაც ცდილობდა – უწყება წერს, რომ ამ ინფორმაციის გამოყენებას ოკუპანტები მიკოლაევის ოლქში ახალი მასიურ სარაკეტო თავდასხმის მოსამზადებლად აპირებდნენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბრალდებული რუსებისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის მცდელობის დროს დააკავეს –
მას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-2 მუხლით წაუყენეს, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს.
ქალს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მას თავისუფლების 12 წლით აღკვეთა ემუქრება. ამასთან, გამოძიების პროცესში შეიძლება, ბრალდება შეიცვალოს.