პრეზიდენტები უკრაინის ქალაქ დნიპროში თავდასხმას ეხმიანებიან

მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სასტიკი თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„კატეგორიულად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე უკრაინის ქალაქ დნიპროში. მოსახლეობის მიმართ ძალადობის მიუღებელი ჩვენება, ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევა. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც დაკარგა საყვარელი ადამიანები დნიპროში და უკრაინაში“, – წერს „ტვიტერში“ სალომე ზურაბიშვილი.
მოლდოვის პრეზიდენტი მაია საუნდუ რუსეთის დნიპროზე სარაკეტო იერიშებსა და მოლდოვის ტერიტორიაზე რაკეტის ნამსხვრევის ჩამოვარდნას “ტვიტერის” პირად გვერდზე გამოეხმაურა.
როგორც მაია სანდუ წერს, რუსეთის ბრუტალურ ომს უკრაინაში პირდაპირი გავლენა აქვს მოლდოვაზე
“რუსეთის ბრუტალურ ომს უკრაინაში პირდაპირი გავლენა აქვს მოლდოვაზე. სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის ჩრდილოეთით, სოფელ ლარგაში რაკეტის ნამსხვრევები იპოვა. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის დღევანდელ გაძლიერებულ თავდასხმას და გვერდში ვუდგავართ მათ, ვინც დნიპროში და მის ფარგლებს გარეთ საყვარელი ადამიანები დაკარგეს. მშვიდობამ უნდა დაისადგუროს.” – წერს მოლდოვის პრეზიდენტი.
ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედა განცხადებით, რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო და ცივილურმა სამყარომ არ უნდა დაივიწყოს და აპატიოს რუსეთს თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე.
“რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მას ყველგან მოაქვს ნგრევა, სიკვდილი და ტანჯვა. სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს და თავდასხმებს საცხოვრებელ შენობებზე – როგორიც დნიპროშია, ჩვენ არასოდეს ვაპატიებთ და არ დავივიწყებთ,”-აცხადებს გიტანას ნაუსედა.
ცნობისთვის: დნიპროში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა – დაშავებულია 73 ადამიანი.