პრეზიდენტი: მმართველ კოალიციაში მოძველბიჭო დაჯგუფბები არსებობს

კორცხელში მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა პრეზიდენტმა “აჭარის” ტელევიზიის ეთერში და განაცხადა, რომ მომხდარს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.
„მიჩნდება ეჭვი, რომ მმართველ კოალიციაში არის გარკვეული მოძველბიჭო დაჯგუფება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისი თქმით, თავქარიანმა, მოძველბიჭო დაჯგუფებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილი ძალადობრივი სისტემა გადაიბარა და ქვეყანაში ასეთი პოლიტიკის წარმოებას გეგმავს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მოძველბიჭო დაჯგუფებას პრინციპული პასუხი უნდა გასცეს და ის ამ პროცესს ზედამხედველობას გაუწევს.
შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს, რომელთა შორის სპორტსმენები არიან, ბრალი წარუდგინა. უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს:
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2016 წლის 24 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნებაყოფლობით გამოცხადდა ინციდენტში მონაწილე 6 პირი, რომელიც მოწმის სახით გამოიკითხა. გამოძიების მსვლელობისას, ასევე გამოიკითხა ინციდენტის მონაწილე მეორე მხარეც. დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზები. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ინციდენტში მონაწილე 5 პირს ბრალი წარედგინა 239-ე მუხლის მეორე ნაწილით, ერთს კი 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
კორცხელის ინციდენტში მონაწილე ბრალდებულების უფლებადამცველი ზურაბ ბელთაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სპორტსმენები ბრალს არ აღიარებენ. კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ ინციდენტში მონაწილე ბრალდებულები. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა გვიან ღამით დატოვეს.