პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცს მიმართავენ
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს ერთობრივი წერილით მიმართავენ.
როგორც რადიო ჰერეთს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, წერილში, რომელსაც პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად აწერენ ხელს საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე.
“ჩვენ გწერთ, რათა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს ლიდერებისა და ქართველი ხალხის მოლოდინზე და მოგმართავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რომლებმაც გააკეთეს თავიანთი სუვერენული არჩევანი – მიჰყვნენ ევროინტეგრაციის გზას. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებული იქნება და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით.”- ნათქვამია ერთობლივ წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ფონზე, როდესაც რუსეთი უხეშად არღვევს მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამით ეწინააღმდეგება სუვერენული ერების თავისუფალ არჩევანს.
საქართველოს ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს, რომ რიგის სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ევროკავშირი ერთგულია მისი ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების.