პრეზიდენტი პრემიერს ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს
მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები.
“ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირებების წინაპირობები გამოიწვია. ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. ყველას მოვუწოდებ თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები. გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ღარიბაშვილის კომენტარი წამების კადრებზე:
“გუშინაც გავრცელდა ე.წ. სამეგრელოს კასრების ვიდეოები, სადაც ცხადად ჩანს, თუ როგორ ექცეოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ნაციონალური მოძრაობა როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია საკუთარ მოქალაქეებს. მინდა, რომ საზოგადოებას მოკლედ შევახსენო ეს ისტორია. ამ კადრებში არის საშინელი წამების კადრები და სცენები, ეს არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ სოფელში, სამეგრელოში, მათ არასოდეს დანაშაული არ ჩაუდენიათ, მე ვიცი ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც სახლიდან ღამის სამ საათზე მოიტაცეს, მას ჰყავდა სამი თვის ორსული მეუღლე, რომელსაც სახლში სასტიკად გაუსწორდნენ, მუცელიც მოეშალა, ეს კაცი წაიყვანეს და აწამეს ისე, როგორც თქვენ ამ ვიდეოში ნახეთ. იმის გამო, რომ მას არ ჩადენილი, შეუმდგარი დანაშული ვერ ააღებინეს საკუთარ თავზე, სხვა მიზეზით, ნარკოტიკების ჩადებით გაასამართლეს. ეს დღეები მე მესმის შეფასებები, ამ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებისა, მათ კიდევ აქვთ პრეტენზიები და მინდა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, ამ ადამიანებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ საზოგადოებას ისეთი ენით ელაპარაკონ, როგორც ლაპარაკობენ. იმის მაგივრად, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მათ ბოდიში მოეხადათ საზოგადოებისთვის მათ მიერ ჩადენილი მძმე დანაშაულებებისთვის, ისინი კვლავაც აგრძელებენ უტიფრად საზოგადოების შეურაცხყოფას, იმ მცდელობას, რომ არეულობა და ქაოსი შექმნან. ეს არის სრული აბსურდი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს და რომლისთვისაც მისაღებია, რაც ამ ვიდეოებში ხდება, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა. მე მაინტერესებს, რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელიც ასეთ დანაშაულებრივ, სასტიკ საქმიანობას მხარს უჭერენ. ასეთ ადამიანებს არ აქვთ უფლება, პოლიტიკაში დარჩნენ. ჩემთვის სააკაშვილი, მისი მთავრობა და მიმდევრები არიან სახე იმ ნიღბიანი ადამიანის, რომელიც ამ ვიდეოებში აუპატიურებენ ადამიანებს, ეს არის მათი სიმბოლო,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის კომენტარი ნიკა გვარამიას განცხადებაზე:
“მე გუშინვე მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან და ვიცი, რომ გუშინვე დაიწყეს ამ საქმის შესწავლა და ძიება. ერთი შეხედვით, კი ეს ჰგავს პროვოკაციას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.