მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პრეზიდენტი რუსეთიდან მიგრაციის ახალ ტალღას ვარაუდობს

მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

„რუსეთში განვითარებულ მოვლენებს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ.მიგრაციის შესაძლო ახალი ტალღების გათვალისწინებით, ჩვენი საზღვარი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი სწრაფად და უპირობოდ ჩაკეტოს. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს შეკრებას არ აქვს აზრი, რადგან ეს არა საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ “პუტინის საამებლად შეკრებას” ნიშნავს.

“ჩვენ მათ არ მოვუწოდებთ არანაირი შეკრებისკენ, არანაირი უშიშროების საბჭო საქართველოში არ არსებობს, არსებობს პუტინის და ივანიშვილის უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად, მათი რაიმე სახით შეკრება ნიშნავს არა ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების ბედზე ზრუნვას, არამედ პუტინის საამებლად შეკრებას. რაღა მარგარეტა სიმონიანი და სალავიოვი შეკრებილა და რაღა დღევანდელი უშიშროების საბჭო.

ამიტომ, რამდენიმე უსწრაფესი ნაბიჯია გადასადგმელი, რაც სწრაფად უნდა გააკეთოს რუსულმა ხელისუფლებამ.

პირველი: სასწრაფოდ და უპირობოდ ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, სასწრაფოდ და უპირობოდ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი”, – თქვა მან.

ხაბეიშვილმა, ასევე, ისაუბრა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე და თქვა, რომ მათი სურვილის არსებობის შემთხვევაში, ქვეყანაში უსაფრთხოდ უნდა დააბრუნონ.

“მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – ახლა აღარ ახსოვს რუს ირაკლი კობახიძეს და რუს ირაკლი ღარიბაშვილს მილიონობით ქართველი ცხოვრობს რუსეთშიო, რომ ამბობდნენ. ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე ნამდვილად ცხოვრობს და ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. თუ მარტო შავი ფული და მოპარვას და პუტინის ინტერესებს რომ სჭირდება, მაშინ გახსენდებათ, რომ რუსეთში საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ?

ამასობაში, ამ ჩვენს მოქალაქეებს ამ სამოქალაქო ომის პირობებში, გაუგებრობა და უბედურება რომ ხდება პუტინის რუსეთში, დახმარება სჭირდებათ და უმნიშვნელოვანესია მოხდეს ამ ადამიანებისთვის სრული მომსახურების გაწევას, რაც გულისხმობს მათ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნებას, მათი სურვილის შემთხვევაში, ცხადია”, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ რომ დღეს პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდა. გახარიას თქმით, საფრთხე რეალურია და მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო.

ამას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და ინიციატივას “სისულელე” უწოდა. ამასთან, კობახიძე არ თქვა, აპირებს თუ არა მთავრობა რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებს “უნდა დააკვირდნენ”.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ვაგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა „ვაგნერის“ ბანაკები დაბომბეს. აღნიშნულის გამო პრიგოჟინი განხორციელებული დარტყმის ავტორებს დასჯით დაემუქრა. დღეს დილით კი მანვე განაცხადა, რომ „ვაგნერმა“ სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა, ხოლო მოგვიანებით თქვა, რომ მისმა სამხედრო კომპანიამ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები და აეროდრომი კონტროლზე აიყვანა. პრიგოჟინის განცხადებები გამო, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გაიცა, როსტოვის ქუჩებში კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. ამასთან, რუსული გამოცემის ცნობითვე, რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსეთში არსებულ ვითარებას უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. ის მიმდინარე პროცესებს „სამხედრო ამბოხს“ უწოდებს და ამბობს, რომ სამოქალაქო ომის განმეორებას არ დაუშვებენ. „ნებისმიერი შიდა არეულობა ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ჩვენთვის, როგორც ერისთვის, მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს. ეს რუსეთზე, ჩვენს ხალხზე მიტანილი დარტყმაა და ჩვენი ქმედებები სამშობლოს დაცვისთვის მკაცრი იქნება. როგორც რუსეთის პრეზიდენტი და მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავიცვა ქვეყანა, კონსტიტუცია, მოქალაქეების უსაფრთხოება და თავისუფლება“, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button