მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხვალინდელ პროევროპულ მარშს შეუერთდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ ხვალ, 20 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილ მარშში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მან ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ის ხვალ მათთან ერთად იქნება.
მან საზოგადოებას მოუწოდა არ შეეშინდეს ხვალ ევროპულ მარშზე გამოსვლის და არ დაიჯეროს, რომ არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ აქვს.

„ეს არის ძალიან დიდი დღე იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურობაც არის ამაზე დამოკიდებული. ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდად გამოვიდეს ხალხი და აჩვენოს თავისი ნება, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება- ჩვენ უარს ვეტყვით და დავემშვიდობებით ერთპარტიულობას, დავემშვიდობებით პოლარიზაციას, ერთმანეთს სიძულვილს, იმიტომ, რომ ის გზა, რომელზეც ვდგებით ახლა და რომელიც უალტერნატივოა, არის გზა განვითარების, არის გზა მშვიდობის, განათლების და არის გზა, რომელმაც ჩვენ ყველა უნდა გაგვაერთიანოს, ეს არ არის და ვერ იქნება სიძულვილის გზა. ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა, ვიცი, ამავე დროს, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით მცდელობები, დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. თქვენ არ უნდა გეშინოდეთ არაფრის იმიტომ, რომ თქვენ ხართ სწორ გზაზე, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა ნებისმიერი ქვეყნისთვის თავისი მომავლის არჩევისთვის – ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამისთვის უნდა იყოს ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვის გარეშე, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც ერთ კვირაში თქვენი ყველა ხმის იქ მიტანით, სადაც გადაწყდება საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი. ხვალ თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენთან ვიქნები და ეს ქარტია, რომელიც ერთად შევქმენით, მიგვიყვანს იმ მიზნამდე, რომელსაც ჰქვია ევროპული თავისუფალი დემოკრატიული საქართველო”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ხვალ, 20 ოქტომბერს თბილისში იმართება მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“. მისი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციაა.

მარშის მონაწილეები 17:00 საათზე შეკრებას დაიწყებენ ხუთ ადგილზე:

რესპუბლიკის მოედანი;
გმირთა მოედანი;
300 არაგველის ობელისკი (ორთაჭალა);
მარჯანიშვილის მოედანი;
ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთა (მთაწმინდა).
“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – 20 ოქტომბერს თბილისში ხუთი ლოკაციიდან მსვლელობა დაიწყება თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სადაც 19:00 საათზე აქცია-კონცერტია დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button