მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი მედიამენეჯერებს სამოქალაქო აქტივისტებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მიუნხენის კონფერენციაზე გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 თებერვალს მედიამენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიუნხენში გამგზავრებამდე მედიამენეჯერებისგან მოისმინა მედიაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია. საუბარია როგორც ჟურნალისტებზე თავდასხმაზე, ისე ფინანსურ პრობლემებზე. შეხვედრაზე იმყოფებიან როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ გამოცემების ხელმძღვანელები.
შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა შემაჯამებელ ბრიფინგზე თქვა, რომ საუბრის თემა იყო არსებული პრობლემები, გეოპოლიტიკური კუთხით არსებული საკითხები, რასაც “მიიტანს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლები”.
“ასევე, გზავნილები მაინტერესებდა, მათი პრობლემები დღევანდელ დღეს ამ რეპრესიული მანქანის წინაშე და მათი მზადყოფნა, რაც გამოხატეს, რომ ბოლომდე გააგრძელონ ეს ბრძოლა და მე ამ შემართებას ჩავიტან კიდევ ერთხელ მიუნხენში, რადგან დღევანდელი შეხვედრების მისამართი ეს იყო, რომ ვიცოდე ყველა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, რა არის ის მთავარი გზავნილები და პრობლემები, რაც მე უნდა წავიღო. მქონდა არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმასთან შეხვედრა, სადაც ასევე ძალიან საინტერესო საკითხები წამოიჭრა, შეიძლება ითქვას, უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიტანო იქ, მითუმეტეს, ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც მაღალი წარმომადგენლები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოების და მათთან მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რომელშიც არის არა მხოლოდ დიქტატურა, რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რეალურად საქართველოში რუსეთმა მოიგოს, რაც ვერასდროს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, სალომე ზურაბიშვილის როლი დასავლელ პარტნიორებთან უმნიშვნელოვანესია და რომ მას შეუძლია პარტნიორები დაარწმუნოს “ქართულ ოცნებაზე” წნეხის გაძლიერებაში.
სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თქმით, მათ პრეზიდენტთან შეხვედრისას სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრეს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და მიუნხენში გამგზავრებამდე მედიამენეჯერებისგან მედიაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარია როგორც ჟურნალისტებზე თავდასხმაზე, ისე ფინანსურ პრობლემებზე. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც სატელევიზიო, ისე ონლაინ გამოცემების ხელმძღვანელები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მედიამენეჯერების გზავნილებს მიუნხენში გაავრცელებს.
“ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რომ ერთად ვნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გაძლიერდეს ქართული მედია იმ მდგომარეობაში, როცა მასზე დიდი წნეხია. ყველა დიქტატორულ რეჟიმს, რომელიც გამყარებას ცდილობს, აქვს ორი სამიზნე – საზოგადოება და მედია… სიტყვის თავისუფლება მედიის მიერ უნდა იყოს დაცული. წავიღებ მათ [მედიამენეჯერების] გზავნილებს მიუნხენში. ჩვენ გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზია ამაღლობელი იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, რადგან ის გახდა სიტყვის თავისუფლებისა და წნეხის სიმბოლო, რომელიც ვრცელდება რეგიონულ მედიაზე. რადგან, რუსული რეჟიმი მიიჩნევს, რომ რეგიონული მედია არის უფრო სუსტი და შეუძლია იქ დაამყაროს თავის გავლენა. ეს ასე არ იქნება, ჩვენ ერთად ვიქნებით – ყველას, როგორც და სადაც შევძლებ, დავიცავ”, – თქვა ზურაბიშვილმა.

კომენტარი მედიასთან “ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მედიების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს რთული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ისაუბრეს როგორც ფინანსურ პრობლემებზე, ისე გრანტების მოძიების სირთულეზე.

“სალომე ზურაბიშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებთან იქნებოდა, ვინც დაინტერესებულია და მედიის თავისუფლებას საქართველოში მხარს უჭერს. მას აინტერესებდა კონკრეტული აქტორების მოსმენა, თუ რა გამოწვევები არსებობს. იცით, რომ ის მიემგზავრება მიუნხენის კონფერენციაზე. გაგვიზიარა ვის შეხვდება და რაზე ისაუბრებს. უნდოდა, ამისთვის ობიექტური ინფორმაცია ჰქონოდა. შესაბამისად, ჩვენ მას ძალიან ბევრ საკითხზე ვესაუბრეთ, მათ შორის იმაზე, რომ ამერიკული გრანტები თითქმის შეწყდა და გრანტის მიმღები ორგანიზაციები ძალიან ცუდ დღეში არიან”, – განაცხადა თურაძემ.

ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან მიმდინარე პროცესების ფარგლებში ითანამშრომლებს, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკო მანაგაძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მანაგაძე განმარტავს, საბჭოს მიზანი იქნება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან მუდმივად იყოს კოორდინაცია.

ამასთან, მანაგაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იყო დისკუსია თუ რა გზავნილები უნდა ჰქონდეს სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის კონფერენციაზე.

“ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომელიც არის პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული. ვიცით, რომ რამდენიმე დღეში გაიმართება მიუნხენის კონფერენცია, სადაც ერთადერთ ლეგიტიმური წარმომადგენელი არის პრეზიდენტი. დისკუსია გვქონდა იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება იყოს მთავარი გზავნილები ქართული ხალხის მიერ დასავლელი პარტნიორების მიმართ. ჩვენ გვაქვს მხარდაჭერის და კონკრეტული ნაბიჯების იმედი. გარდა იმისა, რომ მათი მხრიდან ვნახეთ კონკრეტული ნაბიჯები, კიდევ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი მხრიდან.

საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მნიშვნელოვანია ამ ტიპის კოორდინაცია – საზოგადოებასა და პრეზიდენტს შორის, რომელიც არის დასავლელ პარტნიორებთან ქართული საზოგადოების ხმის მთავარი გამტარი.

ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ითანამშრომლებს მიმდინარე პროცესების ფარგლებში. საბჭოს მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ხმა ისმოდეს და პრეზიდენტი იყოს ამ ინფორმაციის გამტარი, როგორც საპროტესტო აქციების, ასევე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ასვე სხვა კონკრეტულ „ქეისებთან“ დაკავშირებით მუდმივად იყოს პრეზიდენტთან კოორდინაცია, მას მიეწოდებოდეს ინფორმაცია და სალომე ზურაბიშვილი იყოს ინფორმაციის გამტარი ჩვენსა და საერთაშორისო საზოგადოებას შორის, რომელიც ეფექტური რეაგირების რეჟიმში უნდა იყოს”, – განაცხადა ნიკო მანაგაძემ.

მედიასთან გენერალური დირექტორის ზურაბ გუმბარიძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და არსებულ დაუსჯელობის სინდრომზე, ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელ მზია ამაღლობელსა და მედიაში არსებულ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე.

“ქალბატონ პრეზიდენტს, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ განებივრებული ხელისუფლების რომელიმე შტოდან იმ დამოკიდებულებით, რომ ჩვენი პრობლემები აინტერესებდეთ, პირიქით, ჩვენთვის პრობლემების შექმნით არის ყველა სხვა ინსტიტუცია დაკავებული და ქალბატონი პრეზიდენტი ერთადერთი გამონაკლისია.

ჩვენ ვისაუბრეთ დაზარალებულ ჟურნალისტებზე, დაუსჯელობის სინდრომზე, იმაზე, რომ არავინაა ძალოვნებიდან დაკავებული და არანაირი რეალური საგამოძიებო მოქმედებები არ იქნა ჩატარებული ხელისუფლების მხრიდან. ცხადია, ვისაუბრეთ მზია ამაღლობელზე, რომელიც ამ წუთას ალბათ ყველაზე მძიმე ამბავია ქართული მედიისთვის და ჩვენ ყველა სოლიდარული ვართ ქალბატონი მზიასი, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს მას ჯანმრთელობის და არ ვიცი, რაღაცნაირად, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ზეწოლა, რაც შეიძლება განხორციელდეს, იქნება უმნიშვნელოვანესი.

ასევე, რაზეც ვისაუბრეთ ცხადია არის ის ფინანსური პრობლემები, რაც დღეს ყველა მედიას აქვს. სხვადასხვა მიზეზებით არის ეს ყველაფერი განპირობებული – თუ აქამდე სატელევიზიო მედიები მეტ-ნაკლებად უფრო ფინანსურად სტაბილურები ვიყავით და გვქონდა საშუალება, რომ დასავლური დონორებისგან მიღებულ ფულზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული, ახლა დიამეტრულად არის სიტუაცია შეცვლილი და ოთხივე მედიამ – კავკასიამ, მთავარმა, TV პირველმა და ჩვენ ავუხსენით ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება დონორების დახმარება და ის განცხადებები, რაც გაკეთდა დასავლეთში, რომ თანხების დიდი ნაწილი გადმომისამართებული იქნებოდა საქართველოში, მათ შორის მედიის დასახმარებლად, ეს ამბავი არის ჩვენთვის ძალიან კრიტიკული და თან ძალიან გვეჩქარება. […]

ჩვენი თხოვნა იყო პრეზიდენტის მიმართ, რომ ევროპამ უნდა აიღოს თავის თავზე ლიდერის ფუნქცია საქართველოში და რეგიონში იმისთვის, რომ უკვე არა მხოლოდ ონლაინ მედიები, არამედ ტელევიზიებიც მოხვდნენ მათ ინტერესის საგანში.

ქართული ოცნება, უნდა აღინიშნოს რომ ემზადება იმისთვის, წინასწარ როგორ შეგვიქმნას პრობლემები და სამწუხაროდ, გაცილებით სწრაფად მოქმედებს, ვიდრე ჩვენი დასავლელი პარტნიორები. დემოკრატიები უფრო ნელა მოქმედებენ ხოლმე და გასაგებია, თუმცა გამოწვევები იმდენად ნათელი და თვალსაჩინოა, რომ იმედს ვიტოვებთ, შეიძლება უფრო სწრაფად მოხდეს მათი მხრიდან ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება. შეიძლება, უბრალოდ, რაღაც მომენტი დადგეს და არც ერთი არხი არ მაუწყებლობდეს ქართულ ტელესივრცეში და მათ შორის, ფორმულასაც აქვს ასეთი საშიშროება”, – თქვა ზურაბ გუმბარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 14 თებერვალს მიუნხენში გამგზავრებამდე, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.

ცნობისთვის მედიის წარმომადგენლებისგან მიღებულ ინფორმაციას, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს მიაწვდის. შეგახსენებთ, პრეზიდენტი მიუნხენის კონფერენციას დაესწრება, რომელიც 14-16 თებერვალს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button