პრეზიდენტის 75 ათასით პრემიერის კი – 118 ათასით ხელფასი გაიზრდება-პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გაზრდაზე კანონპროექტი მიიღო
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ოთხი კანონი რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილებოდა

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და დაამტკიცა ოთხი კანონი, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილებოდა. საკანონმდებლო პაკეტების მეორე და მესამე მოსმენა დღეს გაიმართა.
80 ხმით ერთის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცდა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები.
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
82 ხმით მიიღეს „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა 77 დეპუტატმა. პარლამენტმა ასევე დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კიდევ ორ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები.
საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტს “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის ხელფასები გაიზრდება.
კანონპროექტში ცვლილებებს 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.
ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წლიდან პრემიერმინისტრის, პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის ხელფასი გაიზრდება.
პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს უმაღლესი კოეფიციენტი განესაზღვრათ. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წლიური ანაზღაურება 160 ათას ლარს მიაღწევს. შესაბამისად პრეზიდენტის ხელფასი 75 ათასით, პრემიერის კი – 118 ათასით გაიზრდება. რაც შეეხება მინისტრებს, მათი ხელფასი საშუალოდ 50-დან 70 ათას ლარის ფარგლებში გაეზრდებათ.
მინისტრთა კაბინეტის, პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის თანამდებობრივი სარგო დგინდება კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.
ოცნების მიერ ინიციირებული კანონპროექტით, პრეზიდენტისა და პრემიერისთვის ეს კოეფიციენტი არის 10, ხოლო მინისტრებისთვის – 8.50.
აღნიშნული ცვლილება მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არ შეეხება, რადგან ცვლილებები არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შემდეგ თანამდებობის პირების ანაზღაურებას ეხება:
პრეზიდენტი;
პრემიერ-მინისტრი;
მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები;
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე;
მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები.
კანონპროექტის ინიციატორები მმართველი პარტიის წევრები – რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი დავით მათიკაშვილი არიან.
კანონპროექტი ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა.