პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს – ამის შესახებ ნათქვამია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) და ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) ერთობლივ განცხადებაში.
“28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთვის სიტყვით მიმართვისას, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა ევროსაბჭოს ეგიდით მაისში დაგეგმილ ღონისძიებაზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გვერდის ავლით უმასპინძლოს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.
აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს იმ ტერიტორიების სტატუსს, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და ადგენს ამ ტერიტორიების განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმს. განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, მათ შორის, მოიაზრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას. კანონის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორებზე შესვლა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში შესვლა აკრძალულია.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონის უგულებელყოფის გაცხადებული განზრახვა სწორედ იმ სახელმწიფოს დელეგაციის წევრთა სასარგებლოდ, რომლის სამხედრო აგრესიის შედეგიცაა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, საგანგაშოა და ეწინააღმდეგება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს.
გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, რომელის ქვაკუთხედიც კანონის უზენაესობაა. სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას კი აზრი ეკარგება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ხელისუფლება არ ხორციელდება კანონის საფუძველზე და კანონით მკაფიოდ განსაზღვრულ ჩარჩოებში. უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ კანონმდებლობის უგულებელყოფა იქნება გზავნილი, როგორც საერთაშორისო, ისე ქართული საზოგადოებისთვის, რომ კანონის მოთხოვნები ფორმალობაა და თანამდებობის პირები თავად გადაწყვეტენ, როდის შეიძლება მათი დარღვევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის მოქმედების უზრუნველყოფა ევალება არა პრეზიდენტს, არამედ საქართველოს მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუყოვნებლივ გაკეთდეს მკაფიო და საჯარო განცხადებები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის უზენაესობისა და აღსრულების უზრუნველყოფაზე. – ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი პარტნიორების მეტ ყურადღებასა და აქტიურობს საჭიროებს; რუსეთთან ურთიერთობების პროცესში პარტნიორებმა კვლავ უნდა ჩართონ საქართველოს საკითხი.
„გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია. მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება! ჩემი არჩევის დღიდან მე აქტიურად ვმუშაობ იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე ავიყვანო.
მოვუწოდებთ ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით – დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად – ადამიანების გაერთიანებისკენ.
საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგით მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ“.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით წარსდგა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის რანგში.
ევროსაბჭოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარს დაიწყო. ის უკვე შეხვდა უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დემს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს.