მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება

"ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის გადაგდება"-ოცნება

საპარლამენტო უმრავლესობის 81 დეპუტატის ხელმოწერით და თანხმობით სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი შედის. ამჯერადაც, მას ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევას და მთავრობის ნებართვის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ედავებიან. პრეზიდენტის წარმომადგენლებს ზურაბიშვილის პოზიციის დაცვა 9 ახალ ეპიზოდთან დაკავშირებით მოუწევთ. საკონსტიტუციო წარდგინება მზად არის, ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურებულია და ახლა დოკუმენტი სასამართლოს უნდა ჩაბარდეს.

პრეზიდენტის მხრიდან უნებართვო ვიზიტებში ოპოზიცია პრობლემას ვერ ხედავს. პოლიტიკურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ იმპიჩმენტის პროცესის მომდევნო მოწვევის პარლამენტში ვერ დაიწყება, რადგან ამისთვის საჭირო ხმები ”ქართულ ოცნებას” არ ექნება.

”ქართული ოცნებისთვის” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური დატვირთვა აქვს. სახელისუფლებო პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ისედაც ეწურება, თუმცა
მათთვის მნიშვნელოვანია მას თანამდებობიდან იძულებით გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი დარჩეს.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინება სასამართლოს უახლოეს დღეებში ჩაბარდება. წარდგენების დასაშვებად ცნობის შემდეგ კი ერთი თვის ვადაში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს.

„ბოლო იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ პრეზიდენტს მიუთითა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტებზე, პრეზიდენტმა გააგრძელა იგივე ქმედებები. ბოლო იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ პრეზიდენტის ქმედებებში იყო კონსტიტუციის დარღვევები, ასეთი ცხრა სხვადასხვა ეპიზოდი არის წარდგინებაში მოყვანილი და ცხრავე შემთხვევაში ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, როდესაც სხვადასხვა შეხვედრის დროს აწარმოებდა მოლაპარაკებას. ყველაფერ ამას იგი აკეთებდა მთავრობის თანხმობის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე პრეზიდენტს უთხრა, რომ ასეთ მოლაპარაკებებს სჭირდება მთავრობის თანხმობა, თუმცა პრეზიდენტი აგრძელებს დარღვევას. თუ გვექნება მაღალი მხარდაჭერა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც პარლამენტი გააკეთებს, იქნება პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ამას სჭირდება 100 მანდატი. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტსაც მიიღებს „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგებით. პრეზიდენტი არის თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის თვალსაზრისით და ჩვენ საწინააღმდეგო სურათი გვაქვს. ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა კონსტიტუციური მართლწესრიგი. საზოგადოება ხედავს, რომ პრეზიდენტი გახდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი აგიტატორი. კონსტიტუციურ წარდგინებაში ჩვენ მოვიყვანეთ მხოლოდ ის ფაქტები, რომლის მსგავს ფაქტებზეც საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს, ანუ იქ სადავოც არ შეიძლება არაფერი გახდეს. ასეთი ცხრა ეპიზოდია მოყვანილი წარდგინებაში. ჩვენ აღარ წავედით ამის იქით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მისი სიტყვებით, “კონსტიტუციის დამრღვევ და მოღალატე” პრეზიდენტს იმპიჩმენტის პროცედურა შესაბამის სახელს დაარქმევს.

“დეკემბრის ბოლოს მას ისედაც გადიოდა ვადა, შესაბამისად, დაახლოებით, 1 თვით ეკვეცება მხოლოდ მისი უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს იმპიჩმენტს, თუმცა პრაქტიკული კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება ასე ტოვებდეს პრეზიდენტი თანამდებობას, მას უნდა დაერქვას თავისი სახელი და იმპიჩმენტით დაერქმევა მას თავისი სახელი, როგორც მოღალატე ე.წ. პრეზიდენტს.

ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემა. მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილის ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია. შესაბამისად, იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა – კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

“ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ სალომე ზურაბიშვილს ხალხის გადაგდება”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თავად იყო ორგანიზატორი იმ კამპანიის, რომელიც სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად წარმოებდა.

“არა მხოლოდ ამომრჩეველი, არამედ, ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი იმ კამპანიის, რომელიც მის დასახმარებლად წარმოებდა. დღეს გამოვიდა, რომ ქართველი ამომრჩეველი სალომე ზურაბიშვილმა ყველა გადააგდო, დაექვემდებარა პატრონაჟს, დავარქვათ ასე და პატრონების დავალებით “ნაცმოძრაობის” მხარდამხარ და კვალდაკვალ მოქმედებს.

ამიტომ, შეიძლება ამას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდეს, მაგრამ იმპიჩმენტი იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ არ გადავაგდებინოთ ეს ხალხი მას, ერთი და მეორე, მას დაერქვას გადაყენებული და არა ვადაგამოლეული პრეზიდენტი იმისთვის, რომ ეს სიმბოლიზმი აისახოს ქართველი ხალხის პასუხში მისი გააგენტების გამო”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის მორიგ პროცედურას, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო, ოპოზიციაში თემის გადატანის მცდელობად აფასებენ. პლატფორმის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიის სპიკერის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ეს თემა არჩევნებამდე 5 დღით ადრე ქვეყანაში არავის უნდა აინტერესებდეს.

“ეს არის თემის გადატანის მცდელობა. 5 დღე დარჩა არჩევნებამდე და, მგონი, ამ ქვეყანაში ეს საკითხი საერთოდ არავის არ უნდა აინტერესებდეს. რაც შეეხება თავად ამ პროცედურის რელევანტურობა-არარელევანტურობას, რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტის იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა, დღეს ეს “ქართულ ოცნებას” არ აქვს, ხოლო შემდეგი მოწვევის პარლამენტში, უბრალო უმრავლესობა – 76 კაციც არ ეყოლებათ, ეს არის ჩვეულებრივი წყლის ნაყვა,” – აცხადებს ლევან სანიკიძე.

პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წევრი, ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ თუ “ქართულ ოცნებაში ” პრეზიდენტი არაუფლებამოსილ პირად მიაჩნიეთ, მაშინ არ უნდა აწუხებდეთ მისი ქმედებები.

“შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის იმპიჩმენტს უყარა კენჭი და ყველა დეპუტატმა, ვინც იყო დარბაზში, რა თქმა უნდა, ვერ მოახერხეს იმპიჩმენტის გამოცხადება, მაგრამ დააჭირეს თანხმობის ღილაკს იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მე არ მესმის “ქართული ოცნების” იმ წარმომადგენლების, რომლებიც გამოდიან ახლა და პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობენ, რადგან მათთვის, მათი გადმოსახედიდან, პრეზიდენტი აღარ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს და რატომ აწუხებთ არაუფლებამოსილი პირის მიერ რაღაც ქმედებების ჩადენა, ჩემთვის გაუგებარია,” – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე სარჩელით მიმართავს. თემაზე პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი მსჯელობს. ეს არის ბოლო პროცედურა პარლამენტში, რის შედეგად საკითხი უკვე ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

სახელისუფლებო პარტია სალომე ზურაბიშვილს კვლავ უნებართვო ვიზიტების გამო ედავება. პრეზიდენტის ვადა მიმდინარე წელს ისედაც იწურება, თუმცა “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მათთვის პრინციპული საკითხია, სალომე ზურაბიშვილს გადაყენებული პრეზიდენტი ერქვას.

ცნობისთვის პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე აქვს განსახილველად, ხოლო პარლამენტისთვის დასკვნის გადაცემიდან ორი კვირის ვადაში საკითხს კენჭი ეყრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button