მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში როგორია დეპუტატების მოლოდინები

პრეზიდენის ყოველწლიური მოხსენება საკანონმდებლო ორგანოში. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიმართ ბოლო დროინდელი ხისტი განცხადებებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში, სავარაუდოდ, დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვის ფონზე ჩაივლის.

ზურაბიშვილი, განსაკურებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, “ქართულ ოცნებას” ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულების გამო აკრიტიკებს, თუმცა თავად არ იყენებს მის ხელთ არსებულ მნიშვნელოვან ბერკენტს და არ ათავისუფლებს პოლიტპატიმარ მესამე პრეზიდენტსა და “მთავარი არხის” დამფუძნებელს.

რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე, – ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
კითხვაზე რა მოლოდინი აქვთ პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტისგან და ელიან თუ არა, რომ ის კვლავ გააკეთებს განცხადებას ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასთან დაკავშირებით, მდინარაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ნაცვლად წინასწარ ვერ ისაუბრებს.
ამასთან მდინარაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი ხშირად არაობიექტურია.
„ქალბატონი სალომეს მაგივრად როგორ ვილაპარაკო წინასწარ, როდესაც არ ვიცი. ხშირად არის არაობიექტური შეფასებები, ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა, რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის მოსახლეობას ათასი მესიჯი მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდეციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში, ქალბატონი სალომე“,- განაცხადა მდინარაძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტი ხშირად აკეთებს “გაუგებარი განცხადებებს” და იმედოვნებს, რომ ასეთი განცხადებების წილი “მინიმუმამდე შემცირდება”.
31 მარტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.
“სამწუხაროდ, ხშირად კეთდება მისი მხრიდან, ასე ვთქვათ, გაუგებარი განცხადებები. ველოდებით, რომ ხვალაც იქნება გარკვეული გაუგებარი განცხადებები, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მინიმუმამდე შემცირდება გაუგებარი განცხადებების წილი ხვალინდელ მოხსენებაში”, – განაცხადა კობახიძემ.

ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზე და „ქართულ ოცნებაზე” – პრეზიდენტს არჩევანი დაუგვიანდა, დიდი ხანია იყო ეს გასაკეთებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მან ეს გააკეთა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამისთვის პოლიტიკური სასჯელიც დაგვიანდა.
“ახია კი, არა მარტო ეს, ძალიან ბევრი რამ არის ახი. რაც ჩაიდინეს და აკადრეს ქართველ ხალხს, იმისთვის პოლიტიკური სასჯელი აუცილებლად მაშინვე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაგვიანდა. ძალიან ბევრი რამეა ახი მდინარაძეზეც და “ქართულ ოცნებაზეც”. მთავარია ეს არ შეეხოს ქართველ ხალხს. თვითონ რას ნანობენ? – იმდენად უჭირდათ მაშინ, რომ მოძებნეს ვიღაც გვერდიდან შემოყვანილი, ვითომ დამოუკიდებელი, მერე მისი სახე გააქრეს და თვითონ ჩამოეკიდნენ იქ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება დაუგვიანდა, თუმცა, გააკეთა.
“მრჩება განცდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავის თავში მორალურ -პოლიტიკური არჩევანი გააკეთა, ეს არჩევანი დაუგვიანდა, დიდი ხანია იყო გასაკეთებელი სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, მაგრამ მრჩება განცდა, რომ მან ეს არჩევანი გააკეთა და სულ უფრო მკვეთრად და მკაფიოდ იკავებს პოზიციებს, რაც მე პირადად და “ლელოს” ჯამში, მიგვაჩნია ზუსტად სახელმწიფოებრივ პოზიციებად,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს და პოლიტიკური მოვლენების მიმომხილველის მსგავსი განცხადებების კეთების ნაცვლად, რეალური აქტორი გახდეს – პრეზიდენტმა რეალური ნაბიჯები უნდა გადადგას იმისკენ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივები დაიცვას! – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.
როგორც ბეჟაშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ყოველ განცხადებას მოქმედებები მოჰყვეს. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ზურაბიშვილმა საკუთარი დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კონკრეტულ ნაბიჯებში უნდა გამოხატოს და მხოლოდ ანგარიშებით არ შემოიფარგლოს.
“სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებების გათვალისწინებით, ის “ქართული ოცნების“ მმართველობით უკმაყოფილოა. პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად პირდაპირ ასახლებს. ბუნებრივია, რომ ეს “ქართულ ოცნებას“ აღიზიანებს, რადგან მათი მთავარი მიზანია პრეზიდენტი მორჩილი და მათი ნების შემსრულებელი იყოს. ვინაიდან ეს ასე არ არის, მათ გაღიზიანებას იწვევს.
კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება პრეზიდენტმა გადადგას, კონსტიტუციით არის განსაზღვრული – ეს არის საგარეო მიმართულებით თუ ქვეყნის შიგნით მისაღები გადაწყვეტილებები, რაც დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი პოლიტიკური აქტორის როლს შეასრულებდა“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის წლიური ანგარიშით პარლამენტში გამოსვლას, სავარაუდოდ, არ დაესწრება.
გიორგი ვაშაძის თქმით, პრეზიდენტის მიმართ ნდობა არ აქვს და ფიქრობს, რომ ხვალ სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით დაკავდება.
„ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, სავარაუდოდ, პაატა მანჯგალაძე დაესწრება, მე ალბათ არ დავესწრები ამ სხდომას, რადგან დროც არ მაქვს და არც გამოსვლის უფლება. ისეთი წესები გააკეთეს, რომ გამოსვლის უფლება არ მექნება და მოსმენით ისედაც მოვუსმენთ ტელევიზიითაც. ვიდრე სალომე ზურაბიშვილი ექსპერტული შეფასებებიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე არ გადავა, მე მასთან მიმართებით მაქვს ნულოვანი ნდობა. 19 აპრილის შეთანხმების გარანტორი იყო ეს ადამიანი და მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, რომელიც მთავარი საკითხი იყო ამ შეთანხმებაში, დღემდე არაფერი გააკეთა, ამდენი ხანია, მთელი ევროპა, მთელი საქართველო ითხოვს, რომ მან შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს და არ იყენებს. მოსასმენი ნამდვილად არ მაქვს კიდევ ერთხელ შეგონებების თვალსაზრისით. ნდობა არ მაქვს და, ვფიქრობ, სხვა, გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებით დავკავდები ხვალ.
პატივისცემას დავაფიქსირებ, როგორც კი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ამის შემდეგ პატივს ვცემ, დანარჩენი ყველა არის ცრუ ილუზია, რომელსაც საზოგადოებას, სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი უქმნის. არ მჯერა, რომ ის არის დღეს დამოუკიდებელი, დამოუკიდებლობას დავიჯერებ მაშინ, როცა გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს და არა იმ შემთხვევაში, როცა ზოგადად გამოდის და შეგონებებს ახდენს. პრეზიდენტის ინსტიტუცია არსებობს იმისთვის, რომ, როცა არის ნაბიჯები გადასადგმელი, მინიმალური უფლებამოსილებებით მაინც, ეს ნაბიჯი გადადგას. მაგალითად, შეიწყალოს გვარამია, სააკაშვილი, შემოგვთავაზოს ცესკო-ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატურა, რომელსაც საზოგადოების მხრიდან ექნება მხარდაჭერა და არა ის, რომ სიტყვით ერთს ამბობდე, საქმით მეორეს აკეთებდე. როგორც კი დავინახავ ამას, ამის შემდეგ შეიძლება, ნდობა ჩამოყალიბდეს. სხვა შემთხვევაში, მე არ ვენდობი, რადგან 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი გარანტორი იყო ეს ადამიანი, რომელმაც იმის შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება დაარღვია, არაფერი გააკეთა. მათ შორის, პოლიტიკური მართლმსაჯულება იყო ერთ-ერთი საკითხი და ყველა ამის შემდგომი პოლიტიკური მართლმსაჯულების დროს, მას შეწყალების მექანიზმი უნდა გამოეყენებინა ყოველგვარი საზოგადოების თხოვნის გარეშე. დღემდე ამას წელავს. ცრუ ილუზიებს მოვეშვათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართავს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, 31 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე მიწვეული არიან: – მთავრობის წევრები, დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ასევე, სასულიერო პირები.

პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს.

ამის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება

მსგავსი პოსტები

Back to top button