პრეზიდენტის თქმით ჯარის გაძლიერების გარეშე ქვეყანა ვერ იქნება დაცული თუმცა თავდაცვის მინისტრისთვის გაუგებარია, რატომ გადადო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, მთავარსარდალია, აცხადებს, რომ ჯარის გაძლიერების გარეშე ქვეყანა ვერ იქნება დაცული. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც სთხოვეს შეეფასებინა აშშ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – საქართველოსთან ერთად დაგეგმილი წვრთნები უვადოდ გადაედო.
„ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის. შეიძლება იყოს იმავე დონის ზიანი, როგორც „რუსული კანონია“ ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის და ყველაფერისთვის, რაც კეთდებოდა, ჩვენი ჯარისთვის“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდობა ვერ იქნება პარტნიორების გარეშე დარჩენისა და იზოლაციაში მოქცევის შემთხვევაში: „ხელისუფლება ვერ მიხვდა, სად არიან მისი მეგობრები და სად არიან მისი მტრები“.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ გადადო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება.
„ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი ვადით გადადებას. თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს გვაქვს ძალიან ბევრი თანამშრომლობის ფორმატი, სადაც ინტენსიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“, – უთხრა ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა.
დღესვე ჟურნალისტებთან ისაუბრა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
„მინდა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატოს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას“, – განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ მკაფიოდ არის გაჟღერებული მიზეზი, რის გამოც საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო სწავლება უვადოდ გადაიდო. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს, რომლებმაც გააცნეს თავდაცვის მინისტრის განცხადება – ირაკლი ჩიქოვანმა გაუგებარი უწოდა აშშ-ში მიღებულ გადაწყვეტილებას.
„ეს, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის, ამ საკითხზე ჩვენ ვისაუბრეთ და სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადახედვა, შესაბამისად, ამ კონტექსტში გაუქმდა აღნიშნული წვრთნები, რადგან ადგილი ჰქონდა საჯარო განცხადებებს გარკვეული პირებისგან, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრებისგან და ამიტომ მიმდინარეობს ურთიერთობების გადახედვა. ეს ძალიან სამწუხარია. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება“, – თქვა აშშ-ის ელჩმა.
უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში მოხდა გლობალური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, ადგილობრივი სოციუმის ფორმირება, რომელიც დღეს ნებაყოფლობით ასრულებს იმ როლს, რა როლსაც ასრულებდა სსრკ-დან საქართველოს გამოსვლისას ეთნიკური სეპარატიზმის წარმომადგენლები, აფხაზეთსა და ცხინვალში, – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი, სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, თუ ადრე საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას მოსკოვიდან უწყობდნენ ხელს, დღეს უკვე ბრიუსელისგან მოდის მითითებები და თუ ქვეყანა არ მოიქცევა ისე, როგორც დასავლეთი მიიჩნევს საჭიროდ, საქართველო სასჯელად უვიზო რეჟიმის ჩამორთმევას, ფინანსურ სანქციებს, სამოქალაქო გადატრიალების მუდმივ მცდელობას მიიღებს.
გიორგობიანი აღნიშნავს იმასაც, რომ გლობალური ლიბერალიზმის მეთოდები სსრკ-ს ველური მეთოდებისაგან განსხვავებულია, “პარტნიორების” მიერ შექმნილი და დაფინანსებული შიდა სოციალური გაუცხოება კი ბევრად დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე მოსკოვიდან მართული ეთნიკური სიძულვილი.
“მიხრწნილებაში მყოფი სსრკ -დან გამოსვლისას მკაცრად დაგვსაჯეს და საქართველოს ორი ნაწილი, ცალკე სახელმწიფოდ აღიარა რუსეთმა. “თუ არ მოაწერთ ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებას ხელს, პრობლემები შეგექმნებათ აფხაზეთსა და ცხინვალში” ასეთი იყო მიხეილ გორბაჩოვის მუქარა, არც თუ შორეულ წარსულში, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასადმი.
ვასალობიდან გამოსვლა, როგორც ფაქტი, დიდი დანაკარგით, უმძიმესი შედეგებით, მაგრამ მაინც შედგა.
როგორც ჩანს მაშინდელმა მმართველებმა საკუთარი დანაშაულის დასაფარად, ახალი კოლონიალური მმართველობა ისე უპირობოდ მიიღეს, რომ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ პოლიტიკური პროცესების კანონზომიერებაზე.
ერთი შეხედვით კეთილი, მაგრამ შინაარსობრივად ყალბი დაპირებებით (NATO/EU- ს სწრაფი წევრობა), საზღვრებმორღვეული საქართველო, როგორც მაშინდელ მმართველს უყვარდა თქმა, გლობალური ლიბერალიზმის “ლაბორატორია” გახდა.
დასავლეთში, ლიბერალიზმის თანამედროვე კრიზისი, მისი გლობალიზაციის და უნივერსალურობის სურვილმა გამოიწვია.
გლობალიზმის საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება არც არსებობს და ყველა საკუთარი მიზნების მიხედვით განმარტავს მას.
შეიარაღებული ლოკალური კონფლიქტების, უსასრულო ფართომასშტაბიანი ომების და იარაღის მწარმოებლები, გლობალურ ლიბერალიზმს განმარტავენ როგორც “დემოკრატიული დასავლეთის” ინტერესების ჰეგემონიას და ადგილობრივ მცირე სახელმწიფოების ინტერესებზე, “დასავლური ღირებულებების” უსიტყვო პრიმატს.
როგორც ჩანს, უკანასკნელ ათწლეულებში საქართველოში მოხდა, გლობალური ლიბერალიზმის წარმომადგენელი, ადგილობრივი სოციუმის ფორმირება. აღნიშნული სოციუმი დღეს ნებაყოფლობით ასრულებს იმ როლს, რა როლსაც ასრულებდა სსრკ-დან საქართველოს გამოსვლისას ეთნიკური სეპარატიზმის წარმომადგენლები, აფხაზეთსა და ცხინვალში.
ადრე თუ საქართველოს ტერიტორიულ დანაწევრებას, ხელს უწყობდა მეტროპოლია მოსკოვიდან, დღეს უკვე ბრიუსელი მიგვითითებს, თუ საქართველო არ მოიქცევა ისე როგორც ამას მოცემულ მომენტში საჭიროდ თვლიან დასავლელი “პარტნიორები”, სასჯელად მივიღებთ: უვიზო რეჟიმის ჩამორთმევას, ფინანსურ სანქციებს, სამხედრო წვრთნების გაუქმებას, სამოქალაქო პუტჩის პერმანენტულ პროცესს ქვეყანაში და ა.შ.
საქართველოს წინააღმდეგ ყოველივე სასჯელის ინსტრუმენტი, სსრკ-ს ველური მეთოდებისაგან განსხვავებით, გლობალური ლიბერალიზმის ადგილობრივი წარმომადგენლობაა. ყოველგვარი ეთნიკური განსხვავების და ტერიტორიული პრეტენზიის გარეშე. მათ არა საქართველოს რომელიმე ნაწილი, არამედ მთელი საქართველო უნდა ნახონ ისეთი, როგორიც მათ წარმოდგენაშია. ესაა აუცილებლად, ერთი ცენტრიდან მართული, გლობალური ლიბერალიზმის სრული ფეტიში ქვეყანაში.
ხსენებულ სოციუმს საქართველოში მხოლოდ ერთი დაუძლეველი პრობლემა აქვს, მას საკუთარი კრიტერიუმებითვე არ გააჩნია პერსპექტივა გახდეს ქვეყნის მმართველი. ალტერნატივაა სამოქალაქო პუტჩი, ან სხვა ძალმომრეობა, რასაც წესით თვით გლობალური ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება.
“პარტნიორების” მიერ შექმნილი და დაფინანსებული, შიდა სოციალური გაუცხოება, ბევრად დიდ საშიშროებად ჩანს, ვიდრე ოდესღაც მოსკოვიდან მართული, ეთნიკური სიძულვილი.
ალბათ ქართული NGO წარმომადგენლობის დროული რესოციალიზაცია, მათთვის ფინანსური ალტერნატივების გაჩენა და მათი ინტელექტუალური რესურსის სასარგებლო მხარეს წარმართვა ადვილი არ იქნება, მაგრამ სასურველია.” – წერს ბიძინა გიორგობიანი.
მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია არ არ არსებობს, მით უმეტეს, როცა რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა, – ამის შესახებ „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
აღნიშნულით ის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადაიდო.
„ქართული ოცნებისეული“ გამოცდილებითაც კი, რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ, თუ ეს დანამდვილებით გვინდა, გარანტირებული ვიყოთ, მაშინ დაცულები უნდა ვიყოთ. მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია არ არ არსებობს, მითუმეტეს, როცა რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა. ნატო-ს, ევროკავშირის გარეშე, ყველაფერი ლაყბობა და ტყუილია. ამიტომ საქართველო [ამაში] მონაწილეობას რომ არ იღებს, ნაციონალური მასშტაბის კატასტროფაა, ამას ღიად და ხაზგასმით ვამბობ“, – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველო-შეერთებული შტატების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა დაიწყო. ამ გადახედვის ნაწილად, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში სწავლებებს „ღირსეული პარტნიორი“, რომელთა ჩატარებაც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.
„30 მაისს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო. „ღირსეული პარტნიორის” ამ სწავლების გადადების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია საქართველოს მთავრობის მხრიდან შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ ყალბი ბრალდებებით, თითქოს ისინი საქართველოზე ზეწოლას ახდენენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას, რათა უკრაინისგან ზეწოლა მოხსნას, და თითქოს ისინი მმართველი პარტიის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების ორ მცდელობაში მონაწილეობდნენ. შედეგად, შეერთებული შტატების მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა საქართველოში ფართო მასშტაბის სამხედრო წვრთნების ჩატარებისთვის შესაბამისი დრო არ არის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.