მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პრეზიდენტის ულტიმატუმი გიორგი რურუას შეწყალებაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა შეიწყალოს გიორგი რურუა მის მიერ ოპოზიციური პარტიებისთვის წაყენებული პირობების შესრულების შემთხვევაში.

ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა რომ, აუცილებელია, პარტიებმა შეთანხმებას მოაწერონ ხელი და შევიდნენ პარლამენტში, მედიაციაში ჩართულმა დიპლომატებმა კი თქვან, რომ შეთანხმება შედგა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ ხელს მოაწერს შეწყალების აქტს.

“ეს ნაბიჯი, ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას. ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ს წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა. ამ განცხადებიდან 1 კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა “ქართულმა ოცნებამ”.

პარტიაში აღნიშნავდნენ, რომ არ აპირებდნენ კრიტიკული პოზიციის გამოხატვას, თუ საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებდა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთ მფლობელს, მსჯავრდებულ გიორგი რურუას.

გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს. 2020 წლის 30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი რურუა თავს დამნაშავედ არ ცნობს, დაკავებას პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციამ ჩაუდო.

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს, რომელშიც, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი – 0%-დან 2%-მდე.
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.

დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა “გირჩის” სამმა წევრმა: ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ.

დღეს “ქართულმა ოცნებამ” რამდენიმე განცხადება გაავრცელა. ბოლო განცხადებაში აღნიშნავს რომ დოკუმენტს ხელს მოაწერს.

“ჩვენ გამოვხატეთ პრინციპული მზადყოფნა ევროკავშირის და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით წარდგენილი, განახლებული დოკუმენტის ხელმოსაწერად. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში 40%-იანი ნდობის პრინციპი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით შეთანხმდა 8 მარტის შეთანხებით და ასახულია კონსტიტუციაში, კანონმდებლობაში და სხვა პროცენტულ მაჩვენებელს არ აქვს ლოგიკური ან სამართლებრივი საფუძველი, დღეს, პარტიის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაში ვთქვით და განვიხილეთ თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 40%-იანი ზღვრის გაზრდა 43%-მდე. „ქართული ოცნება” მზად არის შეთანხმებას ხელი მოაწეროს ამ მაჩვენებლით.” – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ დეტალურად რა წერია შეთანხმების ახალ დოკუმენტში

მსგავსი პოსტები

Back to top button