მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტისთვის პოლიტიკურად ცუდი იქნება თუ ლაზარეს შეიწყალებს-თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში-ოცნება ლაზარეზე

თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში – როდესაც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს.
“როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში სამართლიანობაზე, მნიშვნელოვან პრინციპებზე, რასაც ევროპა ეფუძნება, ევროპული მომავალი ხომ ყველას გვინდა? გვინდა, რომ ქვეყანაში დემოკრატია იყოს, თავისუფლება. ეს თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს ქაოსსა და მარაზმში. დღეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ეს შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით იყოს, მათ შორის აქციაზე გავიდეს. როდესაც შენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ესვრი ცოცხალ ადამიანებს და განზრახვა გაქვს, რომ დაწვა რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი“, – აღნიშნა კალაძემ.

“მნიშვნელოვანია, რომ დადასტურდა ეჭვი, რაც არსებობდა მასთან დაკავშირებით, რომ ის დამნაშავეა პოლიციელის მიმართ “მოლოტოვის კოქტეილის” სროლაში და მცდელობაში, რომ ადამიანი ცოცხლად დაეწვა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ახლა, როდესაც ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს განაჩენი დადგა, საინტერესოა იმ ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის პოზიცია, რომლებიც ერთხმად თავს ესხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას.
მისი თქმით, ახლა დონორების პასუხისმგებლობაა, რომ შეაჩერონ ამ “ენჯეოების” მხრიდან სასამართლოზე უსამართლო თავდასხმა.
“სასამართლომ იმსჯელა ამაზე, იყო გამჭვირვალე პროცესი და განაჩენიც დადგა. ახლა არის ერთი საკითხი. ის ჯგუფები, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია, რომლებიც ერთხმად თავს ესხმოდნენ ქართულ მართლმსაჯულებას და მათ შორის, ბრალდების მხარეს და უნდოდათ ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა – მათი პოზიცია რა არის? აპირებენ თუ არა ბოდიში მოიხადონ საკუთარ პოზიციის გამო სასამართლოს მიმართ?
მე უკვე ვნახე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის რეაქცია, რომელიც ზუსტად იგივე მეთოდით, რაც მათ ჰქონდათ “რუსთავი 2-ის“, „მიხეილ სააკაშვილის“ „მელიას“ საქმეებზე, რომ გამოეცხადებინათ პოლიტიკურად. საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში შემდეგ მტკიცდებოდა, რომ ისინი იყვნენ მტყუანნი. ზუსტად იგივე მეთოდით იწყებენ ახლა ქართული მართლმსაჯულების ძირის გამოთხრას. ამიტომ, ახლა კითხვა მიემართება მათ დონორებს, ამ დონორებმა ახლავე უნდა შეაჩერონ ეს ანტისახელმწიფოებრივი და სასამართლოსთვის ძირის გამოცლის მცდელობა, ვინაიდან ახლა უკვე მათი ბრალი ექნება და როდესაც კვლავ იგივე წრეზე წავლენ – სასამართლოზე თავდასხმა, სახელმწიფოზე თავდასხმა. ბოლოს ეს საქმეც შესაძლოა სტრასბურგში აღმოჩნდეს. სტრასბურგი ბოლოს იტყვის, რომ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მისი ბრალმდებლები იყვნენ მტყუვნები. ამასობაში გაივლის კიდევ 2-3 წელი და კიდევ იქნება ცილისწამების კორიანტელი საქართველოს წინააღმდეგ. ამიტომ, ახლა დონორების პასუხისმგებლობა არის, რომ შეაჩერონ ამ „ენჯეოების“ მხრიდან სასამართლოზე უსამართლო თავდასხმა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ უმრავლესობა თვლის, რომ მოლოტოვის კოქტეილების წახალისება დაუშვებელია და კანონდარღვევისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს:
“არ მაქვს საფუძველი, სამართლებრივად ეჭვი შევიტანო მტკიცებულებებით სტანდარტში. ვენდობი პროკურატურის მიერ მტკიცებულებების წარდგენას და სასამართლოს მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, როგორ შეიძლება, “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა წახალისდეს, ხალხო? ეს რა გზავნილია ჩვენი საზოგადოების წინაშე? საზოგადოებას თვალში ნაცარს ვაყრით და პირდაპირ ვეუბნებით, რომ “მოლოტოვის კოქტეილი”, შეგიძლიათ, ესროლოთ პოლიციელს, მეხანძრეს, ნებისმიერ პირს, რომელიც წესრიგს იცავს.
ამის წახალისება თუ სურს პრეზიდენტად წოდებულ თანამდებობის პირს, რა თქმა უნდა, ის იქნება ამ კამპანიის ავანგარდში და ის გადადგამს ამ ნაბიჯს. ამას ექნება ასევე შესაბამისი მკვეთრი რეაქცია.
უნდა იცოდეს მანაც და სხვებმაც, რომ “მოლოტოვის კოქტეილების” წახალისება პოლიტიკური დანაშაულია და ეს არის დაუშვებელი. პასუხი ყველამ უნდა აგოს კანონის სრული დაცვით. კანონის დამრღვევის დახსნა არის ძალიან მძიმე ქმედება, რომელზეც ყველა შესაბამისი პირი არის პასუხისმგებელი,”- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალოს, თუმცა ამბობს, რომ ეს სალომე ზურაბიშვილისთვის “პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება”.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ტრენდია, რომ ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში და ამ ჯგუფშია სალომე ზურაბიშვილიც.
„არც შეწყალებას გამოვრიცხავ. ძალიან მძიმე პოლიტიკური შედეგი შეიძლება ამას ჰქონდეს ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი მორალური მუხრუჭია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ტრენდი არსებობს და მის შემქმნელებს შორის მოიაზრება სალომე ზურაბიშვილიც. ეს უკვე ფაქტია და ტრენდია, რომ ასეთი ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ცეცხლი წაუკიდოს და მეორე ადამიანი მოკლას, ეროვნულ გმირადაა შერაცხული გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფში. ამ პოლიტიკურ ჯგუფში იმყოფება სალომე ზურაბიშვილი. მისთვის პოლიტიკურად ძალიან ცუდი იქნება, რომ ამ შეწყალებას ხელი მოაწეროს. ეს შეიძლება გამოდგეს მხოლოდ მუხრუჭად“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვისას აშკარაა, რომ ერთი მხრივ არიან ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ცოცხალი ადამიანი დაწვა, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება.
„ფასეულობების განსხვავებებია იმ ადამიანთა შორის, ვინც ამბობს, რომ „მოლოტოვის კოქტეილით“ პოლიციელის და ნებისმიერი ადამიანის დაწვა არ შეიძლება და არიან მეორენი, რომლებიც მოუწოდებენ იმისკენ, რომ ასეთი საქციელი იყოს სამაგალითო.
სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შევაფასებ. მეცოდება ყველა, ვისაც რამეს მიუსჯიან, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში აშკარაა, რა გვიდევს ზედაპირზე, საზოგადოებამ საიდან უნდა გააკეთოს თავისი დასკვნა. არიან ისინი, ვისაც მიაჩნიათ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, როდესაც ცოცხალ ადამიანს ნებისმიერ გარემოებაში წვავ და სიკვდილს უპირებ და მეორენი, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთი ტიპის დაპირისპირება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება, მითუმეტეს თუ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სისხლი დაიღვარა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Mona.ge-ს სიას ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლე, ზვიად შარაძე და პროკურორი, თამარ იაკობიძე დაემატა.
პორტალზე, აღწერაში მითითებულია ინფორმაცია მოსამართლის შესახებ, თუ რა საქმეები არის მასთან დაკავშირებული და რა ნაბიჯებს დგამდა გრიგორიადისის საქმის განხილვის დროს, ერთი წლის მანძილზე.
რაც ეხება პროკურორს, განცხადებაში ვკითხულობთ:
“ნათელია, რომ საქმე გაყალბებულიც კი არაა, ქართულ ოცნებას უბრალოდ სურდა მარტის აქციების გამო ვინმეს დასჯა, ამოარჩია ლაზარე და სამაგალითოდ, 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ეს პროკურორ თამარ იაკობიძის ხელით გააკეთა. სწორედ იაკობიძე წარმოადგენდა პროკურატურის პოზიციას სასამართლოში”, – წერია პორტალზე.

გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავეს – შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა “ორიენტაციაარეული”.
ლაზარე გრიგორიადისის საქმე – ხელისუფლების შურისძიება
22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button