მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტმა პრეზიდენტმა კახოვკის კაშხლის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის გარშემო არსებული ვითარება განიხილა, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ კაშხლის განადგურება ფართომასშტაბიან ეკოლოგიურ და ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ სახიფათო ფსონს დებს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს, აწყობს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის ნათელი მაგალითია ბარბაროსული ქმედება ხერსონის რაიონში კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების მიზნით, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა“ , – ნათქვამია პუტინის განცხადებაში.

როგორც თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის ლიდერს შესთავაზა, შექმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას, რუსი და უკრაინელი ექსპერტების, გაეროს და საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ანკარას მონაწილეობით.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა, გაგრძელდეს კონსულტაციები მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა მოხსნას დაბრკოლებები რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტისთვის, როგორც მარცვლეულის შეთანხმების ნაწილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button