პრეზიდენტმა ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დაანონსა
გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, – ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.
“უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა – ყველანი ერთად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის თქმით, “გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ “არ ვაღიარებთ არჩევნებს”.
“მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით შემდეგი თაობებისთვის. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი. რადგანაც მე არ ვარ ერთი ადამიანი და მე ვარ სწორედ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს მოსახლეობას, მე მინდა, რომ მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა – ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ჩვენ დავდგებით ერთად და და აქ არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს. მათთან ერთად მინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ გამოვუცხადოთ მსოფლიოს – ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
,,არ ვაღიარებ ამ არჩევნებს – ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება,,-პრეზიდენტი
“უნდა შევიკრიბოთ ბევრი და უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ქართველი ხალხის სახელით”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცახდების შემდეგ საუბრობს და ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
…რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, მე არ მგონია, რომ დღეს საქართველოში ვინმეს შეეძლო ამგვარი განცხადების გაკეთება. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთი კონსტიტუციური ინსტიტუცია ამ ქვეყანაში, რომელიც ზრუნავს საქართველოში დემოკრატიაზე, ქართველ ხალხზე და საქართველოს დასავლურ მომავალზე. ეს არის ერთადერთი, კვლავ ვიმეორებ, კონსტიტუციური ინსტიტუცია და დამოუკიდებელი თანამდებობის პირი ამ თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილებაა. მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი იყო ასევე ძალიან დროული და ძალიან ადეკვატური და ასევე ვფიქრობ, რომ ინიციატივა უნდა აეღო პრეზიდენტს და მან ეს გააკეთა. ძალიან რთული მომენტია ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ჩვენი გადარჩენა. ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა არჩევანი – ან ყველაფერი, ან არაფერი. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, რომ მას იგივეთი არ ვუპასუხოთ. ამიტომ, საქართველო უნდა გადარჩეს.
გეგმა არის ერთი – უნდა შევიკრიბოთ ბევრნი და უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ საუბრობს მხოლოდ საკუთარი სახელით ან იმ პარტიების სახელით, ვინც დღეს იდგა პრესკონფერენციაზე. ის საუბრობს ქართველი ხალხის სახელით. ამ განცხადებას სჭირდება ვალიდაცია, ვალიდაცია ხალხის მიერ და ამ ხალხს ველოდებით ხვალ ყველანი. ჩვენც იქ მივდივართ როგორც საქართველოს მოქალაქეები, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პრეზიდენტმა ხვალ, 19:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა და მოსახლეობას მიმართა, რომ ერთად უნდა დადგნენ და გამოაცხადონ, რომ გ”არ ვაღიარებთ, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ახალი ფორმის დაპყრობას”.