დღემდე ევროკავშირის გირაოთი ვარ თავისუფალი-მელია
მმართველმა და ოპოზიციურმა გუნდმა სტრასბურგის გადაწყვეტილება შეაფასეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:
არ გადავიხადე გირაო ბრალისათვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.
დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე, რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად, დიდი ხანია, ისევ დამიჭერდნენ.
ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ – მეორე, კარგად გვახსოვს.
არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.
საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ „საჭიროებამდე“, ასეთია ოცნების „სამართალი“.
ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა“, – წერს ნიკა მელია.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება იყო კანონიერი და ევროპული კონვენციის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავებაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და არ გაიზიარა მომჩივნის არგუმენტები.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის ივნისის აქციის მსვლელობისას, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით, მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი ეცადა პარლამენტში შეჭრას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მას ბრალი წარედგინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისათვის და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დააწესა მისი ელექტრონული მეთვალყურეობა.
2020 წლის პირველ ნოემბერს მიმდინარე აქციაზე ნიკანორ მელიამ პროტესტის ნიშნად მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რითიც დაარღვია გირაოს პირობები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს თანხა გაზარდა 40 000 ლარით. ვინაიდან ნიკანორ მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აღკვეთის ღონისძიება – გირაო შეეცვალა პატიმრობით. გირაოს თანხის შეტანის შემდეგ, იგი 2021 წლის 10 მაისს გათავისუფლდა“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს არგუმენტაცია (წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად) და მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ არ დარღვეულა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი.
ზოგიერთი პარტნიორის მხრიდან ნაჩქარევი გამოხმაურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში და აზიანებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ნიკა მელიას სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ სრულიად ცხადი გახადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ფორმალური თავმჯდომარის, მელიას დაპატიმრება 2021 წლის თებერვალში სამართლიანიც იყო და ლეგიტიმურიც. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მუხლები არ დარღვეულა, მელიას დაპატიმრება იყო სამართლიანი და არ შეიცავდა არანაირ პოლიტიკურ მოტივაციას.
ეს ცხადი გადაწყვეტილება კიდევ ერთი გამარჯვებაა საქართველოს სასამართლო სისტემის რეპუტაციისათვის, რომლის ვერდიქტებიც ბოლო რამდენიმე შემთხვევაში სრულად დაადასტურა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებმა.
გადაწყვეტილებამ, ასევე, გვიჩვენა, რომ ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მკაცრი კრიტიკა მელიას დაპატიმრების გამო ნაჩქარევი და არაშორსმჭვრეტელური იყო. ამ უსაფუძვლო კრიტიკამ, საუბედუროდ, ხელი შეუწყო საქართველოს შესახებ არასწორი აღქმების დაუსრულებელი და თვითგანახლებადი ტალღის წარმოშობას.
დაბოლოს, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორის მხრიდან მსგავსი ნაჩქარევი გამოხმაურება კიდევ უფრო აღრმავებს პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში და აზიანებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, ვინაიდან ეს განცხადებები უბიძგებს ოპოზიციაში მყოფ მელიასებრ რადიკალებს, რომ კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ და კიდევ უფრო დამაზიანებელი პოლარიზაცია გამოიწვიონ.
იქმნება მოჯადოებული წრე, რომელშიც ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი ყალბი მოტივით აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას და ქმნის არასწორ აღქმებს, ხოლო მცდარი და პოლიტიკურად მიკერძოებული განცხადებები პოლარიზაციას უფრო აღრმავებს და პოლიტიკურ კლიმატსაც უფრო ამძიმებს. ამ მოჯადოებული წრის გარღვევა ჩვენი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, რომლებიც უფრო დაკვირვებულები და კეთილსინდისიერნი უნდა გახდნენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა იგრძნონ საკუთრი სიტყვებისა და ქმედებების გამო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რომ ხელისუფლება დგამს სწორ ნაბიჯებს, იცავს კანონს და კონსტიტუციას.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა სტატუსი აქვს. დღეს შეიძლება იყო პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, თანდებობის პირი, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილებები იყო მიღებული, გვახსოვს, რამხელა შემოტევა მოდიოდა უცხოეთიდან. შეგვიძლია, არქივიდან ამოვიღოთ მასალები, რა განცხადებები კეთდებოდა იმ კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან, ვინც გვეუბნება, რომ საქართველოს მეგობრები არიან და გული შესტკივათ ჩვენს ხვალინდელ დღეზე. რეალურად, ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეხოტბეები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინტერესი, რომ ქვეყანაში როგორმე ყველანაირი ბინძური მეთოდით მოხდეს ქვეყნის ხელისუფლების გადაგდება, ჩამოგდება. იგივე იყო სააკაშვილის თემის შემოგორება საქართველოში და მთელი ის კამპანია, რა განცხადებებსაც ვისმენდით. გახსოვთ, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მიიღო. იგივე არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში და, რა თქმა უნდა, უნდა შერცხვეთ ამ ადამიანებს, სათითაოდ უნდა დალაგდნენ და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას იმ ბინძური კამპანიისთვის, რასაც ისინი აწარმოებენ, მაგრამ ამ ადამიანებს სირცხვილი არ აქვთ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება და ისინი ცდილობენ ამ დავალების შესრულებას. ეს არის მარტივი მოცემულობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
გარდა იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებებთან დაკავშირებით სიმართლის დამდგენი სასამართლოა, „ნაცებისთვის“ ის იქცა მხილების სასამართლოდ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ადამიანი, ვინც ნიკა მელიას უკანონოდ დაკავებაზე საუბრობდა, ტყუილს ამბობდა.
„თქვენ გახსოვთ, რამდენ საქმესთან დაკავშირებით რა პიარკამპანიები ჩამოუნგრია თავისი გადაწყვეტილებებით სტრასბურგის სასამართლომ „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერებს, მის პატრონებს. საზოგადოებას ახსოვს ძალიან კარგად, რამხელა აჟიოტაჟი იყო. როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედანაც გარკვეული ადამიანები და გარკვეული წრეები ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიუთითებდნენ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკავება, ეს არის უკანონო დაკავება და დღეს უკვე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვიცით, რომ ესეც ერთ-ერთი მორიგი ფეიკკამპანია იყო, ესეც მორიგი ტყუილების კასკადი იყო და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ამავდროულად, ჩვენ შეგვიძლია ამოვიკითხოთ ისიც, რაც არ წერია, მაგრამ შედეგი ეს არის, რომ ყველა ადამიანი, ვინც ნიკა მელიას უკანონოდ დაკავებაზე საუბრობდა, უბრალოდ, ტყუილს ამბობდა“, – განაცხადა მდინარაძემ.
ნიკა მელიას დაკავება იყო კანონიერი. დეტალებზე უახლოეს მომავალში ბევრს ვისაუბრებთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა, რომ ნიკა მელიას მიერ ჩადენილი იყო დანაშაული.
„სტრასბურგის სასამართლომ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანია, ჩვენ ვამბობთ, და თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს იყო ძალადობრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე, ჩადენილი იყო უმძიმესი დანაშაული. რა თქმა უნდა, ნიკა მელია იყო დასაკავებელი. ცხადია, დაკავება კანონიერი იყო, რაც სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
სრული პასუხისმგებლობაა „ქართულ ოცნებაზე“ იმაზე, რომ დღეს მელია თავისუფალია, უმძიმესი დანაშაული ამნისტირებულია, ისევე როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი. მათ არ გაითვალისწინეს და არ შეისმინეს, როგორ და რა ფორმით უნდა მომხდარიყო ნიკა მელიას დაკავება. ჩვენგან კითხვა არასოდეს დასმულა, დაკავება იყო სწორი თუ არასწორი. რა თქმა უნდა, დაკავება იყო კანონიერი. დარწმუნებული იყავით, დეტალებზე უახლოეს მომავალში ბევრს ვისაუბრებთ“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
დაცვის მხარე არ ვყოფილვარ და საქმეს ისე არ ვიცნობ, რომ რაიმე მქონდეს, სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო და „ქოცი“ არ ვარ, რომ გადაწყვეტილება არ მომეწონა და ვთქვა, სტრასბურგის სასამართლო გლობალური ძალების გავლენის ქვეშაა, დაცვის მხარეს ველოდები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია პოლიტპატიმარი იყო და ბევრი იბრძოლა რეჟიმის მხილებისთვის.
„რასაც იტყვის, ის იქნება არგუმენტი. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა და მელიას ლამის გირაო გადაუხადა. პოზიცია არ შემიცვლია და პოზიციას ქარი საითაც უბერავს, ისე არ ვიცვლი და ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმარი იყო და ბევრი იბრძოლა რეჟიმის მხილებისთვის. ვინაიდან სარჩელი მაშინ შეიტანეს, როცა ნიკა მელია ჯერ კიდევ პატიმრობაში იყო, ალბათ დაცვის მხარეს პროცესის ბოლომდე მიყვანის ინტერესი არ ჰქონდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
გიორგი გახარია გუნდს აფრთხილებდა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდოდათ ნიკა მელიას დაკავება, ეს დააზიანებდა გუნდს და სახელმწიფოს – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური ნიკა მელიასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ანა ბუჩუკურმა განმარტა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა მაშინდელი პრემიერი, გიორგი გახარია ნიკა მელიას იმ ფორმით დაკავებას.
“ქართული ოცნება” იყო, რომელმაც ნიკა მელიას გამოუცხადა ამნისტია. ერთადერთი გუნდი, რომელიც იყო წინააღმდეგი ამნისტიის გამოცხადების, იყო გახარიას გუნდი და ძალიან ხშირად გავახსენებთ ამას “ქართულ ოცნებას.” მელიას ნაცვლად ანა ბუჩუკური რომ ყოფილიყო, ან მარიამ კოპალეიშვილი, გადაწყვეტილების არსი ძალიან ბევრჯერ გვაქვს ახსნილი, არის იგივე – იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდოდა გუნდს მაშინდელი ოპოზიციონერი ერთ-ერთი ლიდერის დაკავება, გიორგი გახარია აფრთხილებდა გუნდს, რომ ის დააზიანებდა, პირველ რიგში, გუნდს და სახელმწიფოს, რეალურად ასე მოხდა” – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კანონის მიღებამდე ევროკავშირმა გადაიხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური – 40 ათასი ლარი. პოლიტიკოსმა ციხე 2021 წლის 10 მაისს დატოვა