მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტმა სააკაშვილი თუ შეიწყალა ეს ნიშნავს რომ საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტს კონსტიტუციას კიდევ ერთხელ ახსენებს და უზენაესი დოკუმენტის დარღვევაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პრეზიდენტზე შესაძლო ზეწოლასაც გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილმა უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები.

“როდესაც უხეშად ირღვევა კონსტიტუცია, მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ ქმედითი რეაგირება განახორციელოს ასეთ უხეშ ქმედებაზე.

სწორედ ამის გამო დავიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა, მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს არ აქვს 100 ხმა ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა ჯაშუშად, მოღალატედ, რეზიდენტად და ა.შ. დღეს ისინი ატარებენ ერთ დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტის პროცედურას. ანუ, მათ მიერვე ჯაშუშად გამოცხადებულ პრეზიდენტს დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე.

სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი, მათი რიტორიკაც ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. ეს არის მათი დღის წესრიგი, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ ჰყავთ, როგორც უკვე არაერთგზის აღვნიშნე, საერთო პატრონი, ეს არის გლობალური “ომის პარტია” და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ერთი – საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის მათი უმთავრესი ინტერესი; და მეორე – თუ მაინც მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და ამ კუთხით პერსპექტივა არის გაზრდილი ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილი ეცდება, რომ მაქსიმალურად თავის თავზე მიიწეროს ეს გადაწყვეტილება.

უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი თუ შეიწყალა, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. სალომე ზურაბიშვილი თუ ამას გააკეთებს, საერთოდ საოცრება იქნება.

ჩვენთვის მიზანია, საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადგინოს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რაც ძალიან მარტივი საქმეა. ამის შემდეგ გაშიშვლდება ყველაფერი, გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი და მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს რადიკალური ოპოზიცია, რომ ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა. გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ ისინი კონსტიტუციაზე 2012 წლამდე და ახლა უკვე ოპოზიციიდან ძალადობენ საქართველოს კონსტიტუციაზე. ამ ყველაფერს გავაშიშვლებთ. შესაბამისად, ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი აბსოლუტურად წაუგებელი თამაშია,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

“თუ ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კონსტიტუციით არის გარანტირებული ჩვენი ევროპული გზა და გამოუშვას მიხეილ სააკაშვილი” – ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობაზე საუბრობს.

“პრეზიდენტის იმპიჩმენტზე მინდა გითხრათ: საერთოდ არავის აინტერესებს ეს თემა თქვენ გარდა, მაგრამ კარგი იქნებოდა მისი კონსტიტუციური უფლება გამოეყენებინა. თუ ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, კონსტიტუციით არის გარანტირებული ჩვენი ევროპული გზა და გამოუშვას მიხეილ სააკაშვილი, რადგანაც ეს შემაფერხებელია ჩვენთვის, რაც თქვენც კარგად იცით,”- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარტია იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ბეჟაშვილის თქმით, ზურაბიშვილისადმი მათი მთავარი მოთხოვნაა, კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მისი წილი პასუხისმგებლობა შეასრულოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

“იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას არ აქვს არანაირი კონსტიტუციურ-სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსი და ქართული ოცნება ამას იყენებს, რომ გადავუხვიოთ მთავარი თემებიდან. იმავდროულად ნაციონალური მოძრაობა მკაფიო ერთმნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს, რომ ამ იმპიჩმენტის პროცედურაში არანაირ მონაწილეობას არ მიიღებს, იმავდროულად პრეზიდენტს ვაკისრებთ პასუხისმგებლობას, რომ ვთხოვთ, რომ შეასრულოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოს მისი წილი პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

ამ იმპიჩმენტის პროცედურაში ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს, საერთოდ უსაფუძვლო არის და ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ მან შეასრულოს მისი წილი კონსტიტუციური პასუხისმგებლობის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი”, – თქვა ბეჟაშვილმა.

ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება,- ასე ეხმიანება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის პროცესს იწყებენ.

მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მის ვალდებულებას ასრულებს.

„საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“. ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება. ამაზე მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით. იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ დროში გაწელილია, ამიტომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ“, – განაცხადა მსხილაძემ.

პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი უმრავლესობის მიერ წამოწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაა. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე ვერ მივა, თუმცა თვლიან, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება საჭირო იყო. უმრავლესობა ამბობს იმასაც, რომ ამ მიმართულებით ისინი ოპოზიციასთან კონსულტაციებს არ აპირებენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button