პრეზიდენტმა “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ვეტო დაადო

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე.
როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.
ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ანტიკორუფციულ კანონში ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები “ფასადური და ფრაგმენტულია”, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ,,საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო 2/3-იანი კვორუმი მცირდება სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა პრაქტიკულად ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.
ასევე, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,ანტიკორუფციულ კანონში” ცვლილებების პაკეტს თუმცა, მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ფასადური და ფრაგმენტულია, ვერ პასუხობს ევროკომისიის მოთხოვნებს, ევროკავშირში გაწევრიანებისა და მოლაპარაკებების გახსნისათვის 9 პირობიდან ერთ-ერთს, რომელიც ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის ეფექტიანობის შემდგომ ხელშეწყობასა და მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერებას.
„ქართულ ქარტიაში“ ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით შემოთავაზებულია მისი სისტემური რეფორმა: ხელმძღვანელის არჩევა პარლამენტის მიერ და ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭება.
დღევანდელი მოცემულობით, ბიუროს ხელმძღვანელს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი, ასევე ბიუროს ენიჭება სპეციალური ადმინისტრაციული წარმოების რიგი ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაში, მათ შორის, ფიზიკური პირის გამოკითხვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა; პერსონალური ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გამოთხოვა, რაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დასაბუთებას, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითად გამოყენება და ბიურო არ იქცეს პარტიების წინააღმდეგ სადამსჯელო იარაღად ხელისუფლების ხელში,”- აღნიშნულია განცხადებაში.
30 მაისს 80 ხმით, ერთხმად, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები. შესწორების თანახმად, თუ ცესკოში დადგენილებებმა და საკადრო ცვლილებებმა წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მათი მიღება ხელახალ კენჭისყრაზე უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი.
როდესაც ცვლილება ძალაში შევა, ცესკო ოპოზიციის ხმების გარეშე შეძლებს დადგენილებების მიღებას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
ამავე კანონპროექტით, უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის არსებობა შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების ნაწილია. ის არჩევნების დანიშვნიდან ათი დღის ვადაში იქმნება და სახალხო დამცველისა და ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს.