როცა სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას

დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“დღეს გაიხსნა ელჩების კონფერენცია. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ამბასადორიალის მონაწილეებს, მადლობას უხდის საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ურთულესი გამოწვევებით სავსე პერიოდში გაწეული საქმიანობისათვის და ყველა ქართველ დიპლომატს წარმატებულ ახალ 2023 წელს უსურვებს. საქართველოს პრეზიდენტისთვის ამბასადორიალი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფორუმს საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობებში. აღნიშნულის მიუხედავად, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა მონაწილეობა არ მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოში მთავრობის მიერ საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნის და გათავისუფლების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ სარჩელის შეტანიდან ექვსი თვის თავზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნია აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით. ბუნდოვანება, რომელიც აღნიშნულმა საკონსტიტუციო სარჩელმა პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებთან მიმართებით შექმნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს დროულ აღმოფხვრას,” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მმართველი ძალა პატივს სცემს ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, თუმცა პირველ ადგილზე მაინც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინება რჩება – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენცია 2022-ის გახსნაზე სიტყვის გამოსვლის დროს განაცხადა.
ამასთან, პრემიერი სიტყვით გამოსვლის დროს შეეხო გასული წლის ყველა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენას, მათ შორის იყო უკრაინაში რუსეთის მიერ გაუმართლებელი ომი.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია საფრთხეს უქმნის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს, ასევე მთელს ევროპას.
“ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა. მინდა, ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან მძიმე შრომა გიწევთ გამოწვევებით აღსავსე რეალობაში. ბუნებრივია, ახლა სიტუაციასთან ჩვენ გვიწევს განსხვავებული მიდგომების გამოყენება. მე მინდა რამდენიმე სიტყვით შევაჯამო წლევანდელი წელი. მთავარი მოვლენა მთელი წლის და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის არის უკრაინის ომი, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი და რა თქმა უნდა, მინდა დავეთანხმო ბატონ მინისტრს, ჩვენი საელჩო და პირადად ბატონი ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე, მაშინ, როცა სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს უკრაინაში და თითოეულ თანამშრომელს, რა თქმა უნდა, დღეს მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის ყველასთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა.
ჩვენი გაცხადებული სურვილი არის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან აღნიშული ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ბუნებრივია ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება. ეს არის ჩვენი სურვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათი სუვერენიტეტის მიმართ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ხალხს. ომის დაწყების დღიდან ჩვენ ყველა პლატფორმაზე, ხმამაღლა მხარი დავუჭირეთ უკრაინას, მივუერთდით 400-ზე მეტ რეზოლუციას. ყველა ფორმატში ჩვენ მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წამომადგენლების მხრიდან. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან მათი ქვეყანა, მთავრობა და ხალხი არის ომში, ამიტომ ამ თემაზე ჩვენ არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება.
მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. არაერთხელ მითქვამს და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით და ჩვენი ქმედებით დავადასტურეთ, რომ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. შესაბამისად ჩვენი ყველას მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
………
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და პროტოკოლური განლაგების წესს განმარტავს.
საგარეო უწყება წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.
“ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები.
მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.
პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ვებ-გვერდზე ავრცელებს.
2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში.
“საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში”,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.