პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გეგმა გააცნო

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გეგმა გააცნო.
როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, დაკომპლექტდეს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე შეიქმნას საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლო და მოხდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაც.
ზურაბიშვილის თქმით, ეს ყველაფერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მოხდეს.სალომე ზურაბიშვილი არ ცნობს არც მოქმედ მთავრობას და მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრება არ უნდა მოხდეს.
“ამ თითქოს გარდაუვალი, ღრმა და საშიში კრიზისისგან უნდა მოვძებნოთ გამოსავლის გზა ერთად, უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, შევთავაზე პოლიტიკურ ძალებს, ჩვენ პარტნიორებს და მგონი, რომ ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამ – როგორც ერთადერთი, მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან.
გეგმა როგორია: 1) ახალი არჩევნები; არჩევნები როცა არ შედგა, აუცილებელია განმეორდეს უმოკლეს ვადაში ახალი არჩევები. ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთი – საერთაშორისო გამოძიებაა, არა იმისთვის რომ პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, საჭიროა იმისთვის, რომ გაარკვიოს და დაამტკიცოს ის ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გვინდა რომ მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები. საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი ცესკოს დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ასევე საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ამ ახალ ინსტანციაში სასურველია რომ უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართული.
2) 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რადგან არჩევნები არ შედგა, არ შეიძლება შედგეს პარლამენტი, მთავრობა და არც პრეზიდენტის არჩევნები”, – თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს აგრძელებს, ასევე ესაუბრება საერთაშორისო პარტნიორებსაც.
“პოლიტიკურ პარტიებთან ვაგრძელებ კონსულტაციებს. მაქვს ყოველდღიური საუბრები საერთაშორისო პარტნიორებთან და ლიდერებთან. მათი მხრიდან არის ძალიან დიდი მოლოდინი იმისა, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხრათ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც საკმაოდ კარგად ესმით, არამედ როცა გაყალბდა არჩევნები, მოთხოვნა ყოველთვის არის მოიძიოს რაღაც გზა, რომლითაც კრიზისი უნდა გადაწყდეს. არავის აქვს სურვილი რომ ახალი კრიზი დაიწყოს. ამიტომ, რაც გავიგე პირველი საუბრებიდან ეს გეგმა მათთვისაც მისაღებია”, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპით გარანტირებული მთავარი უფლებები – ხმის ფარულობა და ხმის საყოველთაობა.
მან ასევე ისაუბრა არჩევნების დღესა და წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზეც და თქვა, რომ “განაჩენი გამოტანილია – არ შედგა ეს არჩევნები”.
“ჩემი შემაჯამებელი შეფასება შედეგებისა, არის შემდეგი : პირველ რიგში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით და სტანდარტებით, რაც არაერთ კონვენციაშია ასახული გარანტირებული მთავარი უფლებები . ერთია ხმის მიცემის ფარულობა და მეორეა ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების საარჩევნო უფლებები იქნა უგულებელყოფილი.
ამასთან, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდა წინასაარჩევნო როგორც არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე უმნიშვნელოვანესი უფლება, რაც არის ის, რომ საარჩევნო საჩივრები სამართლიანად და დამოუკიდებელ სასამართლოს მიერ იყოს განხილული. არჩევნებს არ აღიარებს თავად პრეზიდენტი, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და მაშასადამე, არცერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს არჩევნებს საზოგადოების დიდი ნაწილი და აგრძელებს სამართლიან პროტესტს.
არჩევნებს არ აღიარებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ თქვან არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და თავისუფლადო და რაც მნიშვნელოვანია, გავიდა სამი კვირა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და ხაზს უსვამენ პირიქით დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ.
ამდენად, განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები”- თქვა ზურაბიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ორხელისუფლებიანობის იდეაზეც და აღნიშნა, რომ მას მოჰყვება პოლარიზაციის გაღრმავება და სერიოზული საფრთხეები. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ამას ვერ დაუშვებს.
“ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში და მეტსაც ვიტყვი, ქვეყანას ემუქრება სერიოზული საფრთხე. ერთი ასეთი საფრთხე არის დესტაბილიზაცია, რომელიც შეიძლება, მოჰყვეს ორხელისუფლებიანობას და პოლარიზაციის გაღრმავებას, რასაც ყოველდღიურად ხელს უწყობს უაღრესად აგრესიული ხელისუფლების და მისი მხარდამჭერების ორგანიზებული პროპაგანდა. პოლიტიკურ არასტაბილურობას შესაძლოა მოჰყვეს გარე დესტაბილიზაცია.
ამგვარი დესტაბილიზაციის საფრთხე იზრდება, როცა ქვეყანა პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობების მაგივრად ირჩევს იზოლაციას, რაც ახასიათებს დღევანდელ ხელისუფლებას. ამავე დროს, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც ყველა პარამეტრის მიხედვით კარზე გვიდგას.
როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მე არ მაქვს უფლება, რომ ეს დავუშვა და ამას ვერ და არ დავუშვებ”- განაცხადა პრეზიდენტმა.